გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან ბიზნესცენტრში მამუკა ხაზარაძის და ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრაზე არაფერი ყოფილა ისეთი, რაც გამოძიების საფუძველი გახდებოდა.

"კიდევ ერთხელ განვმეორდები, ამ შეხვედრაზე მოვხვდი შემთხვევით, მე ამ საუბრებში მონაწილეობა არ მიმიღია, ეს ჩემი სიტყვები არ არის, შეგიძლიათ მონაწილე მხარეებსაც ჰკითხოთ. მე არ მახსოვს ხაზარაძის სასარგებლო რა ვთქვი იქ, მაგრამ, როგორც მახსოვს, საერთოდ არ ჩავრეულვარ ამ საუბარში. რამე რომ ყოფილიყო ისეთი ამ შეხვედრაზე, რომელიც მე მაფიქრებინებდა, რომ ეს შესაძლებელია წინააღმდეგობაში მოვიდეს პროკურორის ეთიკასთან, მე ამ შეხვედრას დავტოვებდი... შემიძლია გითხრათ, რომ იქ არანირი საფუძველი არ ყოფილა, რომ ოდესმე ამ საკითხზე დაიწყოს გამოძიება — თქვა ირაკლი შოთაძემ.

ირაკლი შოთაძემ ამ თემაზე კითხვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უპასუხა. მისი თქმით, გენერალურ პროკურორს სრული უფლება აქვს კერძო შეხვედრები ჰქონდეს, თუ ეს შეხვედრები მის საქმიანობას არ ეხება.

ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოში გასაუბრების დროს თქვა, რომ ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, თუმცა მისი დეტალები არ ახსოვს. მისი შეფასებით, ამ შეხვედრის შემდეგ ყველა "მადლიერი დარჩა.

12 სექტემბერს TV პირველის გადაცემა რეაქციაში მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დახმარებით თიბისი ბანკისგან 30 მილიონი დოლარის მიღებას ცდილობდა. მან თქვა, რომ ამ საკითხზე სოლოლაკში ბიძინა ივანიშვილთან და ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრა ჰქონდა. ამ შეხვედრას კი ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ესწრებოდა.

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ. მოსმენის დაწყებამდე სხდომათა დარბაზში ოპოზიციის დეპუტატები, ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა შევიდნენ. მათ სახეზე ბიძინა ივანიშვილის ნიღბები ეკეთათ და თან ჰქონდათ "პოლიტიკური პატიმრების" ფოტოები. "ჩახედეთ თვალებში პოლიტპატიმრებს, ამის მონა ხართ" — ამ სიტყვებით მიმართა ელენე ხოშტარიამ ირაკლი შოთაძეს.

ყოფილი გენერალური პროკურორი საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად შეარჩია. შოთაძემ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი, 11 ხმა მიიღო. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს მმართველი გუნდი.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია შოთაძის კანდიდატურამ, რომელმაც თანამდებობა 2018 წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შოთაძის გადადგომას მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები ითხოვდნენ.

პროკურატურიდან წასვლის შემდეგ შოთაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მიწვეულ ასოცირებულ პროფესორად მუშაობდა. გარდა ამისა, ის სილქნეტის იურიდიული კონსულტანტი იყო.