ბარანი რამანმა და მისმა კოლეგებმა ამერიკული კალიები (Schistocerca americana) ასაფეთქებელი ნივთიერებების მყნოსველ კიბორგებად გარდაქმნეს.

ყნოსვის რეცეპტორები მწერების ანტენებშია მოთავსებული. მათი მეშვეობით ისინი ჰაერში არსებულ სხვადასხვა სუნს აღიქვამენ და ელექტრულ სიგნალებს ტვინში აგზავნიან. ექსპერიმენტის ფარგლებში გუნდმა კალიის ტვინის იმ ნაწილში, რომელიც ანტენების მიერ გამოგზავნილ სიგნალებზეა პასუხისმგებელი, ელექტროდები ჩანერგა. შემდეგ, მკვლევარებმა სხვადასხვა ასაფეთქებელი და არაასაფეთქებელი ნივთიერებები ააორთქლეს და კალიებს მათი სუნის აღქმის საშუალება მისცეს.

გუნდმა დაადგინა, რომ ასაფეთქებლების სუნის აღმოჩენისას კალიების ტვინში ნეირონების კონკრეტული ჯგუფი აქტიურდებოდა. მათ ელექტრული სიგნალები გააანალიზეს და აღმოაჩინეს, რომ სიგნალის მიხედვით შეეძლოთ გაერჩიათ, კალია ასაფეთქებლის სუნს გრძნობდა, თუ რაიმე სხვა ნივთიერებისას.

რამანმა კალიებს მინიატურული სენსორული "ზურგჩანთები" მოარგო, რომლებსაც ამ ელექტრული აქტივობის ჩაწერა და კომპიუტერისთვის უსადენოდ გადაცემა თითქმის წამიერად შეეძლო. ელექტროდების ჩანერგვის შემდეგ კალიების ტვინი ასაფეთქებელ საშუალებებს შვიდი საათის განმავლობაში წარმატებით პოულობდა — მანამ, სანამ კალიები არ გადაიღლებოდნენ და მოკვდებოდნენ.

პროცესის დროს კალიები საკმაოდ გაფანტულები და დაბნეულები იყვნენ, ამიტომ მკვლევარებმა ისინი ბორბლებიან, დისტანციურად კონტროლირებად პლატფორმაზე მოათავსეს, რათა მათი ყნოსვის უნარი განსხვავებულ პირობებში შეემოწმებინათ. კალიებმა ასაფეთქებელი ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციის დაფიქსირება სხვა ლოკაციებზეც წარმატებით მოახერხეს.

პროექტი აშშ-ს საზღვაო კლვევის სააგენტოს დაფინანსებით გახორციელდა. მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ კალიები უსაფრთხოების სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ექსპერიმენტის ფარგლებში მკვლევრებს კალიების უნარები არ შეუმოწმებიათ ისეთი შემთხვევისას, რომლის დროსაც ასაფეთქასაფეთქებელი და არაასაფეთქებელი ნივთიერებების სუნები ერთდროულად იქნებოდა წარმოდგენილი.