ნეტფლიქსმა ფილმ The Life Ahead-ის საერთაშორისო დისტრიბუციის უფლებები იყიდა, რომელშიც მთავარ როლს სახელოვანი იტალიელი მსახიობი, სოფი ლორენი ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს 85 წლის მსახიობის პირველი როლია სრულმეტრაჟიან ფილმში: ბოლოს 2009 წელს ითამაშა ბობ მარშალის ფილმ Nine-ში.

The Life Ahead ჰოლოკოსტს გადარჩენილი ქალის, მადამ როზასა და 12 წლის სენეგალელი ემიგრანტი ბიჭის, მომოს შესახებ მოგვითხრობს. ფილმს ცნობილი ფრანგი მწერლის, რომენ გარის რომანის ცხოვრება წინაა მიხედვით იღებენ. წიგნის მიხედვით ადრე ისრაელელმა რეჟისორმა, მოშე მიზრახმა გადაიღო კინოსურათი სახელწოდებით Madame Rosa, რომელმაც 1978 წელს ოსკარებზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა.

ამ ახალი ეკრანიზაციის რეჟისორი სოფი ლორენის შვილი, იტალიელი რეჟისორი, ედოარდო პონტია, რომელსაც მანამდეც არაერთ ფილმში გადაუღია სოფი ლორენი.

ფოტო: Netflix

"მოხარული ვარ, რომ ნეტფლიქსთან ერთად ასეთ განსაკუთრებულ ფილმზე ვმუშაობ. ჩემს კარიერაში არაერთ დიდ სტუდიასთან მითანამშრომლია, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი მასშტაბისა და კულტურული მრავალფეროვნების მქონე არცერთი არ ყოფილა", — განაცხადა სოფი ლორენმა.

თავის მხრივ ნეტფლიქსიც მოხარულია, რომ ლეგენდარულ მსახიობთან თანამშრომლობს:

"ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სოფი ლორენი, ედოარდო პონტი და ამ ფილმის შემქმნელი ნიჭიერი გუნდი ჩვენს ოჯახში მივიღეთ. The Life Ahead ისეთივე ლამაზი და მამაცი ისტორიის შესახებ მოგვითხრობს, როგორიც სოფი ლორენია", — განაცხადა ნეტფლიქსის წარმომადგენელმა, ტედ სარანდოსმა.

ფილმის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ნეტფლიქსი მუდმივად ახალ მიზეზს გვაძლევს, რომ სინემანებმა მისი პლატფორმიდან ფეხი არ მოიცვალონ.