უმრავლესობის დეპუტატი სიმონ ნოზაძე დარწმუნებულია, რომ გენერალური პროკურორობის კანდიდატი, ირაკლი შოთაძე "პროკურატურის სულითაა გაჟღენთილი". მისი თქმით, შოთაძის გულისხმიერებასა და კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ ეპარება.

"შესანიშნავი ბიოგრაფია გაქვთ საიმისოდ, რომ მაღალ თანამდებობებზე იმუშაოთ სამართალდამცავ სისტემაში. მინდა გითხრათ, რომ პროფესიამ გაჟღენთვა იცის და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ პროკურატურის სულით გაჟღენთილი კაცი ხართ და კარგად გამოგივათ ეს საქმე, თქვენ გულისხმიერებასა და კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება ისეთი გადაწყვეტილებები გაქვთ მიღებული", — თქვა სიმონ ნოზაძემ.

სიმონ ნოზაძემ ირაკლი შოთაძე შეაქო და მადლობა გადაუხადა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორებსა და სტუდენტებში "შესანიშნავი რეპუტაცია" დაიმკვიდრა.

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ. მოსმენის დაწყებამდე სხდომათა დარბაზში ოპოზიციის დეპუტატები, ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა შევიდნენ. მათ სახეზე ბიძინა ივანიშვილის ნიღბები ეკეთათ და თან ჰქონდათ "პოლიტიკური პატიმრების" ფოტოები. "ჩახედეთ თვალებში პოლიტპატიმრებს, ამის მონა ხართ" — ამ სიტყვებით მიმართა ელენე ხოშტარიამ ირაკლი შოთაძეს.

ყოფილი გენერალური პროკურორი საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად შეარჩია. შოთაძემ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი, 11 ხმა მიიღო. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს მმართველი გუნდი.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია შოთაძის კანდიდატურამ, რომელმაც თანამდებობა 2018 წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შოთაძის გადადგომას მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები ითხოვდნენ.

პროკურატურიდან წასვლის შემდეგ შოთაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მიწვეულ ასოცირებულ პროფესორად მუშაობდა. გარდა ამისა, ის სილქნეტის იურიდიული კონსულტანტი იყო.