დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უთხრა, რომ მეორედ პროკურორი ხდება, რადგან წარსულში "კარგად შეასრულა ფუნქციები".

"მთელი შრომა არის წყალში ჩაყრილი, ისევ ის პროკურორები, ისევ ის მოსამართლეები, ისევ ის სიტემა, ისევ ის კორუფციული სქემები. რა უნდა შეცვალოთ?! ან რისი შემცვლელი ხართ?! ყველამ ვიცით, რატომ მოდიხართ მეორეჯერ, იმიტომ, რომ ალბათ თავის დროზე კარგად შეასრულეთ ფუნქციები", — თქვა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დეპუტატმა ირაკლი შოთაძეს კითხვის დასმისას უთხრა, რომ ის სამართლიანობას ვერ აღადგენს, რადგან "სისტემის ნაწილი" იყო და სხვდასხვა საქმეში მონაწილეობდა. მისი თქმით, პროკურორის გადადგომა არა პირადმა სურვილმა, არამედ პოლიტიკურმა გარემომ და ნებამ განაპირობა. ლევან გოგიჩაიშვილმა თქვა, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს ერთმანეთს ასწრებენ შოთაძის შექებაში, 2018 წელს მის გადადგომას ითხოვდნენ.

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ. მოსმენის დაწყებამდე სხდომათა დარბაზში ოპოზიციის დეპუტატები, ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა შევიდნენ. მათ სახეზე ბიძინა ივანიშვილის ნიღბები ეკეთათ და თან ჰქონდათ "პოლიტიკური პატიმრების" ფოტოები. "ჩახედეთ თვალებში პოლიტპატიმრებს, ამის მონა ხართ" — ამ სიტყვებით მიმართა ელენე ხოშტარიამ ირაკლი შოთაძეს.

ყოფილი გენერალური პროკურორი საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად შეარჩია. შოთაძემ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი, 11 ხმა მიიღო. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს მმართველი გუნდი.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია შოთაძის კანდიდატურამ, რომელმაც თანამდებობა 2018 წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შოთაძის გადადგომას მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები ითხოვდნენ.

პროკურატურიდან წასვლის შემდეგ შოთაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მიწვეულ ასოცირებულ პროფესორად მუშაობდა. გარდა ამისა, ის სილქნეტის იურიდიული კონსულტანტი იყო.