საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთ ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან, StrateVarious-თან კონტრაქტი განაახლა. მთავრობასა და ლობისტურ კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი აქვეყნებს.

ხელშეკრულებას, რომელიც 28 იანვრით თარიღდება, საქართველოს მხრიდან ხელს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ნათია მეზვრიშვილი აწერს.

როგორც ხელშეკრულებიდან ირკვევა, ლობისტურ კომპანიას, საქართველოს მთავრობა მომსახურებაში ერთი წლის მანძილზე ყოველთვიურად 10 ათასს აშშ დოლარს გადაუხდის.

ლობისტური კომპანია ხელისუფლებას შემდეგი სახის მომსახურებას გაუწევს: პოლიტიკის მონიტორინგი, ანალიზი და სტრატეგიის შემუშავება, გზავნილების მომზადება საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის პირებისთვის.

13 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ ამერიკულ ლობისტურ კომპანია DCI Group AZ, L.L.C.-ს თვეში $33 333-ს გადაუხდის. პარტიიდან დოკუმენტს ხელს აწერს აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი ირაკლი კობახიძე.

დოკუმენტში წერია, რომ კომპანიამ პარტია ქართული ოცნება უნდა წარმოაჩინოს, როგორც სანდრო, პრაგმატული, დასავლეთის ლიბერალური იდეალებისა და დემოკრატიის ერთგული პარტნიორი.

მანამდე, აშშ-ის სენატორებისა და კონგრესმენებისგან კრიტიკული წერილების შემდეგ ქართულმა ოცნებამ ლობისტურ კომპანია Hogan Lovells-თან გააფორმა კონტრაქტი. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ხელშეკრულების მიხედვით, პარტია კომპანიას ერთი წლის განმავლობაში თვეში $75000-ს გადაუხდის.

27 იანვარს, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნდა კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობამ საქართველოს მთავრობამ აშშ-სთან ურთიერთობების განმტკიცებისა და კავშირების დამყარებისთვის ლობისტურ კომპანია Chartwell strategy group-თან ხელშეკრულება განაახლა.

როგორც ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, ლობისტური კომპანია საქართველოს მთავრობას დაეხმარება აშშ-ს მხრიდან უსაფრთხოების სფეროს მხარდაჭერის გაძლიერებაში. კომპანია იმუშავებს, აშშ-დან პირდაპირი ინვესტიციებისა და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების საკითხებზე. ამასთან, კომპანიის საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო მედიასთან კომუნიკაციასაც.

ამ ლობისტურ კომპანიას საქართველოს მთავრობა, მომსახურებისთვის ანაზღაურების სახით, 2019 წლის ხელშეკრულებით ყოველთვიურად 65 ათას დოლარს უხდიდა.

ბოლო ორი თვეში საქართველოს მთავრობამ აშშ-დან კონგრესმენებისა და სენატორების კრიტიკული წერილები მიიღო. წერილებში იყო გამოთქმული შეშფოთება მიმდინარე მოვლენების, აქციების დაშლის, პროპორციული სისტემის ჩაგდების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნის გამო და აღნიშნული იყო, რომ საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.