ქართული ოცნების დეპუტატი, ენძელა მაჭავარიანი ოპოზიციის დეპუტატებს მოუწოდებს, რომ მათი პერფორმანსების დრო დამთავრდა. ეს კომენტარი მაჭავარიანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თინა ბოკუჩავასა და ელენე ხოშტარიას პროტესტთან დაკავშირებით გააკეთა. დეპუტატები სხდომაზე, სადაც ირაკლი შოთაძეს უსმენენ, ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით შევიდნენ, მათ თან ჰქონდათ პლაკატი წარწერით "მონა".

"მინდა ვუთხრა იმ ძალის წარმომადგენლებს, რომლებიც თამამად გავიმეორებ, 9 წლის განმავლობაში იმ პირობებში ამყოფებდნენ ადამიანებს, რომელთა მსხვერპლებიც დღეს ჩვენს გვერდითაც სხედან, ჩვენს ოჯახებშიც არიან და მოვუწოდებ, რომ მათი პერფორმანსების დრო დამთავრდა. ვის ნიღაბსაც არ უნდა ამოეფარონ, მის უკან ნაციონალური მოძრაობა და მათი ხელწერა არის ადვილი შესაცნობი", — თქვა ენძელა მაჭავარიანმა.

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ. მოსმენის დაწყებამდე სხდომათა დარბაზში ოპოზიციის დეპუტატები, ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა შევიდნენ. მათ სახეზე ბიძინა ივანიშვილის ნიღბები ეკეთათ და თან ჰქონდათ "პოლიტიკური პატიმრების" ფოტოები. "ჩახედეთ თვალებში პოლიტპატიმრებს, ამის მონა ხართ" — ამ სიტყვებით მიმართა ელენე ხოშტარიამ ირაკლი შოთაძეს.

ყოფილი გენერალური პროკურორი საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად შეარჩია. შოთაძემ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი, 11 ხმა მიიღო. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს მმართველი გუნდი.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია შოთაძის კანდიდატურამ, რომელმაც თანამდებობა 2018 წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შოთაძის გადადგომას მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები ითხოვდნენ.

პროკურატურიდან წასვლის შემდეგ შოთაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მიწვეულ ასოცირებულ პროფესორად მუშაობდა. გარდა ამისა, ის სილქნეტის იურიდიული კონსულტანტი იყო.