პარლამენტთან აჭარის მაუწყებლის თანამშრომლების მხარდასაჭერი აქცია იმართება. აქციის მონაწილეები აჭარის მაუწყებელში გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ.

საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ როგორც ჟურნალისტები, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები, აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათ ბანერები მიიტანეს "თავისუფლება აჭარის მაუწყებელს", "საზოგადოება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის", "ვერ მოგვერევით" და სხვა.

"ახალმა ხელმძღვანელმა ფაქტობრივად დაიწყო სამსახურიდან იმ თანამშრომლების დათხოვნა, რომლებიც ქმნიდნენ არხის სარედაქციო პოლიტიკას და იყვნენ ამ არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკოს გარანტორები. ეს არის ძალიან საგანგაშო სიგნალი", — განაცხადა აქციის მონაწილემ, სტუდია მონიტორის რედაქტორმა, მაია მეცხვარიშვილმა.

გუშინ, 16 თებერვალს, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა ბათუმსა და ქუთაისშიც.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები მოკლედ

აჭარის მაუწყებელში დირექტორის, ნათია კაპანაძის გადაყენების შემდეგ მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობდნენ. ტელევიზიების თანამშრომლებს მიაჩნდათ, რომ ხელისუფლება მათზე გავლენის მოპოვებას ცდილობდა. დირექტორის გადაყენებიდან რვა თვის განმავლობაში კონკურსი სამჯერ ჩაიშალა, მეოთხე ცდაზე კი მმართველი პარტიისგან დაკომპლექტებულმა საბჭომ გიორგი კოხრეიძე აირჩია, რომლის მიმართაც თანამშრომლებს კითხვები აქვთ.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი ჯერ კიდევ კენჭისყრამდე ამბობდა, რომ კოხრეიძის არჩევით სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნებოდა. კოხრეიძემ დანიშვნის დღესვე არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობისას განაცხდა, რომ ჟურნალისტებს კრიტიკულ ტონს უწუნებდა. ამავე ეთერში მან უყვირა წამყვანს, თეონა ბაკურიძეს, რაც იმით განმარტა, რომ ჟურნალისტი მის კითხვებს არ პასუხობდა. საუბრის გაგრძელების შემდეგ კი მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაამართლა, რომელმაც ბაკურიძეს ეთერში "დაოკებისკენ" მოუწოდა. კოხრეიძის თქმით, ამ რეპლიკამდე რიჟვაძე წამყვანმა მიიყვანა.

კოხრეიძის არჩევის შემდეგ აჭარის ტელევიზია დატოვეს მაუწყებლის კონსულტანტმა ზვიად ქორიძემ და მედიამენეჯერმა, მარინა ვაშაყმაძემ. ტელევიზიიდან წავიდა დირექტორის ყოფილი მოადგილე, ნათია ზოიძეც. ის აცხადებდა, რომ კოხრეიძე სარედაქციო პოლიტიკისგან ჩამოშორებისკენ მოუწოდებდა ან სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრებოდა.