ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ თავად რცხვენია ელენე ხოშტარიასა და თინა ბოკუჩავას საქციელის გამო. დეპუტატი ირაკლი შოთაძის მოსმენისას ოპოზიციონერი კოლეგების პერფორმანსს გამოეხმაურა.

"ხო გქონიათ მომენტი, რომ გრცხვენია სხვისი მოქმედების. სხვები იყვნენ ის ქალბატონები, ვინც ეს პერფორმანსი დადგა. ეს მომენტი მქონდა მე ახლა. სახის დაკარგვის მაგალითები ვნახეთ, მაგრამ ეს განსაკუთრებული იყო. ამის იქით კომენტარიც არ უნდა ამას, უკომენტაროდ შეიძლება დაეწეროს ამ კადრებს ჩვეულებრივად", — თქვა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ. მოსმენის დაწყებამდე სხდომათა დარბაზში ოპოზიციის დეპუტატები, ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა შევიდნენ. მათ სახეზე ბიძინა ივანიშვილის ნიღბები ეკეთათ და თან ჰქონდათ "პოლიტიკური პატიმრების" ფოტოები. "ჩახედეთ თვალებში პოლიტპატიმრებს, ამის მონა ხართ" — ამ სიტყვებით მიმართა ელენე ხოშტარიამ ირაკლი შოთაძეს.

ყოფილი გენერალური პროკურორი საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად შეარჩია. შოთაძემ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი, 11 ხმა მიიღო. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს მმართველი გუნდი.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია შოთაძის კანდიდატურამ, რომელმაც თანამდებობა 2018 წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შოთაძის გადადგომას მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები ითხოვდნენ.

პროკურატურიდან წასვლის შემდეგ შოთაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მიწვეულ ასოცირებულ პროფესორად მუშაობდა. გარდა ამისა, ის სილქნეტის იურიდიული კონსულტანტი იყო.