სექტემბრისთვის მოემზადეთ, რადგან რადიკალურად შეცვლილი ადელი დიდი ხნის ნანატრი ახალი ალბომით ბრუნდება. ამის შესახებ მან საუკეთესო მეგობრის ქორწილში დააანონსა, სადაც ოფიციანტის როლიც მოირგო და ყველასთვის საყვარელი სიმღერებიც შეასრულა, მათ შორის 2010 წლის ჰიტი Rolling in the Deep.

"ელოდეთ ჩემს ალბომს სექტემბერში", — ამ სიტყვებით გააცნო ინგლისელმა მომღერალმა მცირე აუდიტორიას ის გეგმები, რომელსაც მთელი მსოფლიოს მელომანები ელოდებიან.

ამის შემდეგ კი სამი გრემის მფლობელი სიმღერა შეასრულა:

მეგობარი, რომელსაც ისე გაუმართლა, რომ საკუთარ ქორწილში ადელის კონცერტი ჰქონდა, ლორა დოკრილია. ადელი მისი შვილის ნათლიაცაა.

ბოლო ალბომი, 25, ადელმა 2015 წელს გამოუშვა. მან ახალ ალბომზე ერთადერთი მინიშნება 2019 წლის 5 მაისს, საკუთარ დაბადების დღეზე გამოქვეყნებულ პოსტში გააკეთა:

"ბოლო წლების განმავლობაში დრამატულად შევიცვალე, ცვლილებებს განვაგრძობ და ეს მომწონს. 31 წელი დიდებული იქნება და ვაპირებ, რომ ის მთლიანად საკუთარ თავს დავუთმო. კარგად მოექეცით თქვენს თავს, ჩვენ ხომ უბრალოდ ადამიანები ვართ. გადადეთ ტელეფონი და ხმამაღლა იცინეთ ყველა შესაძლებლობაზე. ისწავლეთ როგორ გიყვარდეთ საკუთარი თავები. სულ ცოტა ხნის წინ გავაცნობიერე, რომ ეს საკმარისზე მეტია".

და ამ ტექსტის ბოლოს, ადელმა მოულოდნელად ახალი მუსიკა დაგვიანონსა და ალბომის სავარაუდო სახელიც გაგვიმხილა:

"30 სავსე იქნება სიველურით და დრამისა და ბასის ჟანრის მუსიკალური ჩანაწერებით".

ადელი გასული წლის აპრილში გაშორდა ქმარს, საიმონ კონეცკს, რომელთანაც 7-წლიანი თანაცხოვრება და შვილი აკავშირდებდა.

ადელი და სიმონ კონეცკი. გლასტონბერის ფესტივალი, 2016.

ფოტო: Yui Mok / PA

ფანების ყურადღებას იპყრობს ის ფაქტიც, რომ ადელის იმიჯი საგრძნობლად შეიცვალა, მას შემდეგ, რაც მუსიკოსმა წონაში დაიკლო. ამის შესახებ მომღერალმაც იხუმრა ინსტაგრამზე და დრეიკის დაბადების დღეზე გადაღებული ფოტოს ფრაგმენტი გამოაქვეყნა:

"ოდესღაც ცრემლად ვიღვრებოდი, ახლა კი ოფლად ვიღვრები".