ჭკვიანი მოწყობილობების სია დღითი დღე იზრდება და მას, სულ მალე, კიდევ ერთი რამ შეემატება — ჭკვიანი საბურავი.

თითქმის საუკუნის განმავლობაში საბურავი უბრალოდ რეზინის ბორბალი იყო და ის არაფერ სხვას არ წარმოადგენდა. დღესაც კი, უსაფრთხოებისათვის საბურავს მის ზედაპირზე განთავსებული ჭრილების გარდა ბევრი არაფერი აქვს.

წლების განმავლობაში მანქანებში გამოყენებული ტექნოლოგია უპრეცედენტოდ დაიხვეწა, ახლა თითქმის ყველა ავტომობილი აღჭურვილია ბორტკომპიუტერითა და სხვადასხვა ჭკვიანი სისტემით, რაც გადაადგილებას უფრო უსაფრთხოსა და სასიამოვნოს ხდის. თუმცა ერთი რამ, რაც ყველაზე ნაკლებად შეიცვალა, სწორედ საბურავია.

ისინი დღესაც დიდწილად ისევე მოწყვლადები არიან წყლისა და ყინულის მიმართ, როგორც ადრე, თუმცა ალბათ დროა, რომ ეს შეიცვალოს.

Pirelli Cyber Tire — ესაა ელექტრონული სენსორებითა და რადიო გადამცემებით აღჭურვილი საბურავი, რომელიც მანქანასთან და მის მძღოლთან მუდმივ კომუნიკაციაშია.

საბურავს შეუძლია იგრძნოს თუ, მაგალითად, გუბეში მოცურდება ან მოჭიდებას დაკარგავს, ამ ინფორმაციას კი მძღოლს და მანქანაში არსებულ კომპიუტერს გადასცემს, რომელიც შემდეგ გადაწყვეტს, როგორ მართოს საბურავი, ააჩქაროს თუ არა ის, გაააქტიუროს თუ არა მოცურების სისტემა და ა.შ.

საბურავს შეუძლია კონტაქტი დაამყაროს სხვა მანქანებთანაც, რისთვისაც ის 5G ქსელს გამოიყენებს. სარბოლო ტრასების შემთხვევაში კი ის საერთო ინტეგრირებულ უსადენო ქსელთან იქნება დაკავშირებული, რომელშიც ყველა მრბოლელი გაერთიანდება.

ჩამონტაჟებული სენსორი, როგორც პირელის ჭკვიანი საბურავების პროექტის ხელმძღვანელი, კორადო როკა გვიამბობს, პატარა მონეტის ზომის იქნება. მის შემადგენლობაში შევა მთავარი პროცესორი და კომუნიკაციისათვის საჭირო ელექტროობა.

საწყის ეტაპზე ასეთი ტიპის საბურავებს Pirelli ამერიკის შეერთებულ შტატებში სპორტული ავტომობილების მფლობელებს შესათავაზებს. მიმღები მოწყობილობა კი მანქანის სალონში დამონტაჟდება. მათი გამოყენებით მძღოლები შეძლებენ გაიგონ თავიანთი პოზიცია ტრეკზე, მანქანიდანვე აკონტროლონ საბურავის მდგომარეობა და ამასთან ერთად, გაიგონ დრო, რომელიც ტრეკის გავლისათვის დასჭირდათ.

ჯერჯერობით ეს ტექნოლოგია მხოლოდ სპორტულ მანქანებსა და სპორტულ შეჯიბრებებზე იქნება გამოყენებული, თუმცა მომავალში ამ ტექნოლოგიასაც აქვს პოტენციალი, რომ სამომხმარებლო სეგმენტშიც დამკვიდრდეს და გახდეს კიდევ ერთი ჭკვიანი სისტემა, რომელიც მანქანებსა და ტრანსპორტს კიდევ ერთი ნაბიჯით უფრო უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის.