პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალურ პროკურორობის კანდიდატს ირაკლის შოთაძეს უსმენენ ოპოზიციის წევრები მივიდნენ. ევროპული საქართველოს დეპუტატ ელენე ხოშტარიასა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ თინა ბოკუჩავას ბიძინა ივანიშვილის ნიღბები ჰქონდათ გაკეთებული.

"თქვენ იმიტომ კი არ გნიშნავთ ივანიშვილი, რომ სხვა მონას ვერ იპოვიდა. არა? თქვენი დანიშვნით ეუბნება მათ, რომ მათი აზრი არ აინტერესებს. იმიტომ, რომ თქვენ საზოგადოებრივი პროტესტს ფონზე დატოვეთ თანამდებობა", — განაცხადა თინა ბოკუჩავამ და ბანერი წარწერით "მონა" გაშალა.

დღეს, 17 თებერვალს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. ყოფილი გენერალური პროკურორი საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად შეარჩია. შოთაძემ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი, 11 ხმა მიიღო. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს მმართველი გუნდი.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია შოთაძის კანდიდატურამ, რომელმაც თანამდებობა 2018 წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შოთაძის გადადგომას მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები ითხოვდნენ.

პროკურატურიდან წასვლის შემდეგ შოთაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მიწვეულ ასოცირებულ პროფესორად მუშაობდა. გარდა ამისა, ის სილქნეტის იურიდიული კონსულტანტი იყო.