ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმის საზღვრები ფართოვდება. მოძრაობა ახალ მიმართულებას იწყებს — უერთდება პროექტს მთის ამბები, რომლის ერთ-ერთი რუბრიკა მთაში სოფლად მარტო მცხოვრები ადამიანების შესახებ მოგვითხრობს. ეკვილიბრიუმი ამ ადამიანებს, მათი ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, ახალი წიგნებით, პერიოდიკით და სხვა საჭირო ნივთებით მოამარაგებს.

მოძრაობა ეკვილიბრიუმი უკვე წლებია სოფლის ბიბლიოთეკებს ეხმარება წიგნებით, აფუძნებს ახალ ბიბლიოთეკებს, ატარებს საგანმანათლებლო შეხვედრებს და ამით ხელს უწყობს წიგნიერების პოპულარიზაციას საქართველოში.

"მორიგი ძალიან დიდი ამბავი: ალბათ ბევრმა იცის მთის ამბების ფანტასტიკური პროექტის შესახებ, რომელიც მთაში სოფლად მარტო მცხოვრები ადამიანების შესახებ მოგვითხრობს. დამებადა იდეა და ახლა მოვილაპარაკე გელა მთივლიშვილთან — ჩვენი საგანმანათლებლო მოძრაობა დაიწყებს ახალ მიმართულებას — ბიბლიოთეკა მარტოკაცებისთვის (ცხადია, გენდერულად მხოლოდ მამაკაცები არ იგულისხმებიან) — ახალი ჟურნალები, წიგნები და ყველაფერი, რაც მათ წინასწარ შეთანხმების შედეგად დააინტერესებთ" — აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მოძრაობა ეკვილიბრიუმის დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე.

"ჩვენ ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორისაა მარტოკაცების რუბრიკა, თუმცა აქ ქალებიც იგულისხმებიან, გენდერული ნიშნით არ ვყოფთ ადამიანებს. ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო მოძრაობა სწორედ ამ მიმართულებაში დაგვიჭერს მხარს და მთაში მცხოვრებ მარტოკაცებს ბიბლიოთეკებს მოუწყობს — ჩაუტანს წიგნებს, გაზეთებს, ჟურნალებს და ა.შ. სამწუხაროდ, ყველასთან მისვლას ვერ ვახერხებთ, მაგრამ მათი ძირითადი პრობლემების შესახებ ყველაფერი ვიცით. ბევრი მარტოკაცი (ქალი) გვეგულება სოფლებში, რომელსაც ძალიან უყვართ წიგნი და არა აქვთ. გარდა სოციალური პრობლემებისა, ამ სოფლებში არ არის გზა და მუნიციპალურ ცენტრთან კავშირი ძირითადად ჯანდაცვის პრობლემებს უკავშირდება. მათი ინფორმაციის ძირითადი წყარო კი არის ტელევიზორი. ინტერნეტი უმეტეს მათგანს არა აქვს. თან ეს ადამიანები შუახნის ასაკს გადაცილებულნი არიან და ინტერნეტის მოხმარებაც კი არ იცის უმეტესობამ. ჩვენ კი არ გვაქვს იმის რესურსი, რომ მათ ამაში დავეხმაროთ, ან ტექნიკით მოვამარაგოთ. ამიტომ წიგნი, ჟურნალი და გაზეთი მათთვის შეუცვლელია. ამდენად, ეკვილიბრიუმის ამ პროექტში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. ამით მათ არა მხოლოდ დავეხმარებით, გავამხნევებთ კიდეც" - აცხადებს მთის ამბების რედაქტორი, გელა მთივლიშვილი.