მას შემდეგ, რაც ოსკარების წლევანდელ დაჯილდოებაზე სამხრეთ კორეულმა ფილმმა, პარაზიტმა არაერთი ჯილდო დაიმსახურა, მის სამშობლოში სურთ, რომ რეჟისორს განსაკუთრებული პატივი მიაგონ: The New York Times-ის ცნობით, სამხრეთ კორეის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქის, დეგუს კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლებმა წინადადება წამოაყენეს, რომ ბონგ ჯუნ ჰოს ძეგლი დაუდგან და მისი სახელობის მუზეუმიც გაიხსნას.

დეგუ ამ სამხრეთ კორეელი რეჟისორის მშობლიური ქალაქია: სწორედ იქ დაიბადა 1969 წელს, ხოლო მოგვიანებით მშობლებთან ერთად სეულში გადავიდა საცხოვრებლად. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დეგუს მაცხოვრებლები იმასაც ითხოვენ, რომ რეჟისორის პატივსაცემად რამდენიმე ქუჩასაც შეეცვალოს სახელი.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ბონგ ჯუნ ჰოს მიმართ სამხრეთ კორეის კონსერვატიული პარტია დიდად სიმპათიით არ იყო განწყობილი: მემარჯვენე ლიდერები ხშირად აკრიტიკებდნენ მას. მაგალითად, სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტები, ლი მიონ ბაკი და პაკ კინ ჰე მიიჩნევდნენ, რომ რეჟისორის ისეთი ფილმები, როგორებიცაა Memories of Murder და The Host, "ანტიამერიკულ და მემარცხენე პროპაგანდას" ავრცელებდა. მათ ასევე მიაჩნდათ, რომ ბონგ ჯუნ ჰოს თავის ფილმებში "სახელმწიფოს უუნარობის" ჩვენება სურდა.

ოსკარებზე ბონგ ჯუნ ჰოს გამარჯვების აღსანიშნავი ბანერი ქალაქ სეულში.

ფოტო: Ahn Young-Joon / Associated Press

როგორც ჩანს, რეჟისორის მიმართ დამოკიდებულება მას შემდეგ ნელ-ნელა შეიცვალა, რაც 2019 წელს კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო გადაეცა და პარაზიტი პირველი სამხრეთ კორეული ფილმი გახდა, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.

ამ მოვლენიდან მოყოლებული ბონგ ჯუნ ჰო თავისი შედევრით მთელი მსოფლიოს დაპყრობას აგრძელებდა: კინოგაქირავებაში მიღწეულ წარმატებასთან ერთად ის თითქმის ყველა კინოდაჯილდოების გამარჯვებული გახდა, ბოლოს კი ეს ყველაფერი იმით დაგვირგვინდა, რომ ოსკარებზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა — დაჯილდოების 92-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველი არაინგლისურენოვანი ფილმი გახდა, რომელმაც მთავარ ნომინაციაში გამარჯვება მოახერხა და წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა.