ქართულ ოცნების წევრი, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ უმრავლესობა გენერალური პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას მხარს დაუჭერს. მისი თმით, შოთაძე გამორჩეული პროფესიონალი და საქმეზე ორიენტირებული ადამიანია.

როგორც იონათამიშვილმა თქვა, ირაკლი შოთაძემ "კარგად დაანახა", რომ მისთვის მთავარი საქმეა და არა პოზიცია.

"ჩვენ გვაინტერესებს როგორი იქნება თვითონ მისი ხედვა: პროკურორის ინსტიტუტის გაძლიერებისთვის, საპროკურორო შემადგენლობის გაძლიერებისთვის, ასევე, სხვა სამეცნიერო მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება სამართლიანობის აღდგენის მხრივ რამე ახალი თუ იგეგმება გენერალურ პროკურატურაში. პირველ რიგში, ირაკლი შოთაძის სახელი ნამდვილად არის დაკავშირებული ჩვენს საზოგადოებასთან სამართლიანობის აღდგენის პროცესთან", — განუცხადა იმედს იონათამიშვილმა.

დღეს, 17 თებერვალს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. ყოფილი გენერალური პროკურორი საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატად შეარჩია. შოთაძემ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი, 11 ხმა მიიღო. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს უჭერს მმართველი გუნდი.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა.

ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია შოთაძის კანდიდატურამ, რომელმაც თანამდებობა 2018 წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შოთაძის გადადგომას მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები ითხოვდნენ.

პროკურატურიდან წასვლის შემდეგ შოთაძე ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მიწვეულ ასოცირებულ პროფესორად მუშაობდა. გარდა ამისა, ის სილქნეტის იურიდიული კონსულტანტი იყო.