გერმანიაში დააკავეს ულტრამემარჯვენე დაჯგუფების წევრები, რომლებიც მეჩეთებზე, პოლიტიკოსებსა და თავშესაფრის მთხოვნელებზე თავდასხმას გეგმავდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაკავებული 12 პირი სავარაუდოდ დაჯგუფება Der harte Kern-ის წევრია. ყველა მათგანი გერმანიის მოქალაქეა. თავდასხმას დაკავებულებიდან ოთხი გეგმავდა, დანარჩენ რვას კი ორგანიზაციისთვის ფულისა და იარაღის მიწოდებაში ედებათ ბრალი. სავარაუდოდ მათ აქვთ კავშირი კიდევ ერთ ულტრამემარჯვენე დაჯგუფება Odin-თან, რომელიც ფინეთში ხუთი წლის წინ ჩამოყალიბდა.

BBC-ის ინფორმაციით, გერმანული დაჯგუფების წევრები სხვადასხვა ქალაქში გეგმავდნენ თავდასხმას, მათ შორის მეჩეთებზე იმის მსგავსი თავდასხმის, როგორიც ახალ ზელანდიაში იყო. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს იმედი ჰქონდათ, რომ მათი ქმედებები არეულობასა და სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევდა.