შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ კატალიზატორების ქურდობის ბრალდებით თბილისში 3 პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ქირაობდნენ ავტომობილებს, შემდეგ ხსნიდნენ კატალიზატორებს, რომლებსაც სხვადასხვა ავტოსახელოსნოში აბარებდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.