მოქალაქე გიორგი გელაშვილი ყვება, რომ პატრიარქმა, ილია მეორემ ის სექსუალურად შეავიწროვა და ტუჩებში აკოცა. ამის შესახებ მან ეროვნული TV-ს ეთერში მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთან ისაუბრა, რომელსაც მღვდელმსახურება აქვს შეჩერებული.

როგორც გელაშვილი ყვება, ის მეუფე ათანასეს მორჩილი იყო და სიცოცხლის ბოლო წლებში მას უვლიდა. მისივე თქმით, მეუფე ეკლესიისა და პატრიარქის "ცოდვებზე" ბევრს უყვებოდა.

გელაშვილის განცხადებით, გარდაცვალების შემდეგ მეუფე სიონის ტაძარში დაასვენეს. ერთ-ერთი პანაშვიდის დროს კი მასთან მღვდელი შალვა კეკელია მივიდა, რომელმაც უთხრა, რომ პატრიარქი იბარებდა. გელაშვილის თქმით, ილია მეორემ მას მორჩილება შესთავაზა და მეუფე ათანასეს მოვლისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, პატრიარქის გარემოცვას ის არ მოსწონდა, რადგან "უცხო კაცი" იყო. რაღაც პერიოდის განმავლობაში ის პატრიარქთან მსახურობდა, ერთ-ერთ საღამოს კი ილია მეორემ ის თავისთან დაიბარა:

"ერთ-ერთ საღამოს პირველი პირი მიბარებს თავისთან ოთახში. საუბრის დროს მე უბრაlოდ ვიჩოქებ მის წინ, ის უბრალოდ ზის. მოხდა ასეთ რაღაცა, რომ ჩამეხუტა და უბრალოდ მაკოცა პირდაპირ ტუჩებში. ეს ფაქტი მოხდა. მე ვიფიქრე, რომ მოხუცია და ეს შემთხვევით მოუვიდა, მაგრამ როდესაც სახე სპეციალურად ავწიე და დავრწმუნებულიყავი, რომ მეუფე მე მართალს მეუბნება თუ არა, მოხდა ისე, რომ ხელთავიდან გაიმეორა ეს კოცნა. უბრალოდ გავიწიე, ჩემთვის ეს იყო, რომ მიწა გამომეცალა ფეხებიდან. როგორ, ე.ი. რა ხდება? კონცენტრირება ვერ გავუკეთე ჩემს თავს. მან დამცინა, გაიცინა და მითხრა, რომ ჯერ მზად არ ხარო და როცა დრო იქნება გამოგიძახებო".

2019 წლის 31 ოქტომბერს გამართული სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი".

სინოდის სხდომის განჩინებით, პეტრე ცაავას აეკრძალა მღვდელმოქმედება, გათავისუფლდა სინოდის წევრობიდან და ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და "მოსანანიებლად" მონასტერში იქნა გამწესებული. მეუფე პეტრემ შეიომღვიმეში წასვლაზე უარი განაცხადა.

ჭყონდიდის ეპარქია წალკელმა ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლმა გადაიბარა. ბერებისა და დედაოების ნაწილი ახალ მეუფეს განუდგა და მის წირვაზე დასწრებას აღარ აპირებს.

მასალაში გამოყენებული მეუფე პეტრეს შეფასება გამოხატულია ჰომოფობიური სიტყვებით, თუმცა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე On.ge მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ.

გაიგეთ მეტი: