რესპუბლიკური პარტია კიდევ ერთმა სახემ დატოვა. ვახტანგ ხმალაძე On.ge-სთან საუბარში ადასტურებს, რომ პარტიიდან წავიდა, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობს. სააგენტო IPN წერს, რომ ხმალაძის თქმით პარტიაში არსებობს უთანხმოება, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პარტიის მომავალი საქმიანობა.

IPN-ის ინფორმაციით, პარტიას ტოვებს თინა ხიდაშელიც, თუმცა On.ge-სთან საუბრისას მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხიდაშელს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

29 ოქტომბერს პარტიის დატოვების შესახებ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი, პარტიის მომავალთან დაკავშირებით მის ლიდერებს შორის არსებული განსხვავებული პოლიტიკური ღირებულებები იყო. პარტია ასევე დატოვეს პაატა ზაქარეიშვილმა და ფრიდონ საყვარელიძემ.

31 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ რესპუბლიკელები განახლებასა და პოლიტიკურ ცხოვრებას განაგრძობენ. ის ამბობს, რომ ისინი, ვინც პარტიაში რჩებიან, რადიკალურად განწყობილი ოპოზიციის მომხრეები იყვნენ და სწორედ ამაზე ვერ შეთანხმდნენ მათთან, ვინც უკვე დატოვა პარტია:

"ხათუნა სამნიძე, დავით ბერძენიშვილი, თამარ ხიდაშელი, დავით ზურაბიშვილი, ლევან ბერძენიშვილი, თამარ კორძაია - ასე რომ სია დამრჩენებისაც ძალიან ვრცელია".