ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ენერგორესურსებზე ერთიანი ტარიფის სანაცვლოდ რუსეთის ხელისუფლება ბელარუსის შემოერთებისკენ მიანიშნებს. ინფორმაცის ამის შესახებ ამერიკის ხმის რუსული ბიურო გამოცემა ბელტაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლუკაშენკოს თქმით, არც ბელარუს და არც რუს ხალხს ამ გზით წასვლა არ სურს. მისივე თქმით, მინსკი და მოსკოვი ინტეგრირებულ "საგზაო რუკებზე" მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

გამოცემის ინფორმაციით,ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინს შორის დიალოგი სოჭში ვიზიტისას შედგა. რა დროსაც, ლუკაშენკოს თქმით, პუტინმა ჰკითხა რატომ ყიდულობდა ბელარუსი ნავთობს სხვა ქვეყნებისგან, როცა ის რუსულ ნავთობზე უფრო ძვირია. ლუკაშენკომ უპასუხა, რომ ბელარუსი გააგრძელებს შესყიდვების დივერსიფიკაციას, "რათა ყოველ 31 დეკემბერს მუხლებზე არ იდგეს".

მანამდე რუსეთის პრესსამსახუროს ხელმძღვანელმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს ლუკაშენკოსთვის ქვეყნების გაერთიანება არ შეუთავაზებია.

ბელარუსმა რუსული ნავთობის იმპორტის ალტერნატივაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთთან ფასზე ვერ შეთანხმდნენ. შედეგად, რუსეთმა ბელარუსს პირველ იანვარს ნავთობის მიწოდება შეუწყვიტა და ოთხ იანვარს ნაწილობრივ აღუდგინა.

21 იანვარს, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის რაოდენობა 30-40%-მდე უნდა შემცირდეს.

ლუკაშენკოს თქმით, ნავთობის მოწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აგრეთვე მიმდინარეობს აშშ-სთან, საუდის არაბეთთან, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან.