პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დასავლელმა პარტნიორებმა იციან, რომ ხელისუფლება ძლიერია, რადგან ხალხის მხარდაჭერა აქვს. მისი თქმით, დასავლელი მეგობრები მმართველ გუნდს სთხოვენ, რომ "უკიდურესად სუსტი" და "ცუდი" ოპოზიცია "რაღაცნაირად შეინარჩუნოს".

"ისინი გვეუბნებიან, რომ კი, არის ცუდი ოპოზიცია, მძიმე წარსულით, მძიმე რეპუტაციით, მაგრამ უნდა იყოს ასეთი ოპოზიცია, რადგან მათ იციან, რომ ვერ შექმნიან ახალ ოპოზიციას საქართველოში, ჩვენც იცით, რომ ხელოვნურად არ ვერევით ოპოზიციის შექმნის პროცესში. ამიტომ ეს არის მათი ერთგვარი დამოკიდებულება და მოწოდება: კი, ცუდია ეს ოპოზიცია, ცუდია ნაციონალური მოძრაობა, ძალიან მძიმე რეპუტაცია აქვს, მაგრამ იქნებ გაუფრთხილდეთ, ანუ ეს სუსტი ოპოზიცია იქნებ რაღაცნაირად საკუთარი მხრებით ათრიოთ", — განაცხადა კობახიძემ იმედის ეთერში.