აჭარის მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირები აცხადებენ, რომ არ აპირებენ დათმონ სარედაქციო პოლიტიკა და მაუწყებლის რეგრესს შეეგუონ:

"ვიბრძოლებთ საკუთარი უფლებებისთვის და უკეთესი საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნისთვის".

პროფესიული კავშირის განცხადებით, დირექტორის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ეჭვებს აჩენს, რომ დირექციას სურს შეცვალოს საინფორმაციო სამსახურის მმართველი რგოლი და შეცვალოს მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მაუწყებლის დირექტორის მიერ შემოთავაზებულ საშტატო განრიგის ცვლილებებში, მაუწყებლის სამსახურების უფროსების მოადგილეების თანამდებობები უქმდება, მათ შორის უქმდება საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაც. ალტერნატიულ პროფკავშირებში ამბობენ, რომ აღნიშნული თანამდებობა სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. პარალელურად მიმდინარეობს დისციპლინარული წარმოება.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პოლიტიკური პროცესების პარალელურად, მოუგვარებელი რჩება ისეთი პრობლემები, რომელიც ტექნიკური აპარატურის განახლებასა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სამუშაო სივრცეს ეხება.

"ამგვარ პირობებში სარედაქციო მიმართულებით "მუხლჩაუხრელი" მუშაობა, კონკრეტულ წარმოდგენას გვიქმნის ხელმძღვანელობის პრიორიტეტებზე. საინტერესო დამთხვევაა ისიც, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებები, ძირითადად, ეხება ჩვენს წევრებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ სწორედ ჩვენი კრიტიკული პოზიციები და თვითორგანიზების მცდელობამ გაამძაფრა უკმაყოფილების განცდა", — ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.

მათივე თქმით, თუ მსგავსი ქმედებები პროფკავშირების წევრების მიმართ განხორციელდა, ისინი პროკურატურას მიმართავენ.

აჭარის მაუწყებელში დირექტორის, ნათია კაპანაძის გადაყენების შემდეგ მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობდნენ. ტელევიზიების თანამშრომლებს მიაჩნდათ, რომ ხელისუფლება მათზე გავლენის მოპოვებას ცდილობდა. დირექტორის გადაყენებიდან რვა თვის განმავლობაში კონკურსი სამჯერ ჩაიშალა, მეოთხე ცდაზე კი მმართველი პარტიისგან დაკომპლექტებულმა საბჭომ გიორგი კოხრეიძე აირჩია, რომლის მიმართაც თანამშრომლებს კითხვები აქვთ.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი ჯერ კიდევ კენჭისყრამდე ამბობდა, რომ კოხრეიძის არჩევით სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნებოდა. კოხრეიძემ დანიშვნის დღესვე არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობისას განაცხდა, რომ ჟურნალისტებს კრიტიკულ ტონს უწუნებდა. ამავე ეთერში მან უყვირა წამყვანს, თეონა ბაკურიძეს, რაც იმით განმარტა, რომ ჟურნალისტი მის კითხვებს არ პასუხობდა. საუბრის გაგრძელების შემდეგ კი მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაამართლა, რომელმაც ბაკურიძეს ეთერში "დაოკებისკენ" მოუწოდა. კოხრეიძის თქმით, ამ რეპლიკამდე რიჟვაძე წამყვანმა მიიყვანა.

კოხრეიძის არჩევის შემდეგ აჭარის ტელევიზია დატოვეს მაუწყებლის კონსულტანტმა ზვიად ქორიძემ და მედიამენეჯერმა, მარინა ვაშაყმაძემ. ტელევიზიიდან წავიდა დირექტორის ყოფილი მოადგილე, ნათია ზოიძეც. ის აცხადებდა, რომ კოხრეიძე სარედაქციო პოლიტიკისგან ჩამოშორებისკენ მოუწოდებდა ან სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრებოდა.