ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის ყოფილ მერს ირაკლი კაკულიას, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. მოსამართლემ ირაკლი კაკულიას გირაოს სახით 50 ათასი ლარი შეუფარდა.

მოსამართლემ იგივე გადაწყვეტილება მიიღო კაკულიასთან ერთად დაკავებულ ფოთის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილ უფროსსა და მერის ყოფილ მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლიას მიმართ. გირაო შეეფარდათ საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწესა, მერის ყოფილ მოადგილეს ლევან ჩოჩიასა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილი უფროსს ზურაბ ყურუას. მათ 30-30 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ.

პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი კაკულიამ ფოთის მერობის დროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სამსახურის ყოფილ უფროსთან ერთად კომპანია კუნძულის დირექტორს უპირატესობა მიანიჭა, რის გამოც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები დაირღვა.

გამოძიების განმარტებით, ფოთის თეატრის მშენებლობის სამუშაოების შესრულების დროს საჯარო მოხელეებმა ყალბად დამზადებული მიღება-ჩაბარების აქტებით, თითქოსდა სამუშაოებმა 9 102 139 ლარი შეადგინეს, სამუშაოები ჩათვალეს შესრულებულად და ჩაიბარეს, მაშინ როდესაც რეალურად შესრულებული იყო 359 222 ლარით ნაკლები სამუშაო.