NASA-მ მზის სისტემის შემსწავლელი ოთხი გუნდიდან თითოეულისთვის სამი მილიონი დოლარი გამოყო. აქედან ორი გუნდი ვენერას შესწავლას აპირებს, ერთი იუპიტერის ვულკანური მთვარის — იოს გამოიკვლევას, დარჩენილი ერთი გუნდი კი ნეპტუნის მთვარე ტრიტონზეა ფოკუსირებული.

"აღნიშნულ მისიებს მზის სისტემაზე ჩვენი წარმოდგენების შეცვლის პოტენციალი აქვთ", — განაცხადა NASA-ს სამეცნიერო მისიების განყოფილების ადმინისტრატორმა ტომას ზურბუხენმა.

შერჩეული ოთხი გუნდიდან სრულად მხოლოდ ორი დაფინანსდება. გაცემული სამი მილიონი მხოლოდ მისიის გეგმის შემუშავებისთვისაა საჭირო. საბოლოოდ, თითოეული გუნდი NASA-ს კვლევის მოხსენებას წარუდგენს და კომპანიის საბოლოო გადაწყვეტილებას დაელოდება.

VERITAS — მისიის ფარგლებში ვენერას ზედაპირის შესწავლა და მისი ფორმირების პროცესის შესახებ მონაცემების შეგროვება იგეგმება.

DAVINCI + — მისია ასევე ვენერას შეისწავლის, თუმცა არა უშუალოდ პლანეტას. საკვლევ ობიექტს პლანეტის გარშემო არსებული აირები წარმოადგენს. პლანეტის ატმოსფეროს სიღრმეში კი ზონდის გაშვება იგეგმება, რომლის საშუალებითაც ვენერას ატმოსფეროზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მივიღებთ.

IVO — იო მზის სისტემაში ყველაზე მეტად ვულკანური ობიექტია, მისიის მიზანს იუპიტერის ვულკანური მთვარის სტრუქტურის უკეთ შესწავლა წარმოადგენს.

TRIDENT — მისიის ფარგლებში მეცნიერები ნეპტუნის მთვარის, ტრიტონის ზედაპირს შეისწავლიან.

ამჟამად ნასას ამ კლასის (Discovery) რამდენიმე პროექტი აქვს, მათ შორისაა მთვარის თანამგზავრი – Lunar Reconnaissance Orbiter (LRO) და მარსის InSight.

2017 წელს NASA-მ Discovery-ს კლასის 2 პროექტი დაამტკიცა. ერთ-ერთი მათგანია Lucy, რომელიც 2021 წელს გაეშვება და შვიდ ასტეროიდს გამოიკვლევს, ხოლო Psyche კი 2023 წელს გაეშვება და ერთ გიგანტურ ლითონის ასტეროიდს გამოიკვლევს.