ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელს აბაშაში ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის ამსახველ კადრებში რომელიც ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა, ჩანს, რომ ვაგონებიდან კვამლი ამოდის. On.ge დაუკავშირდა საქართველოს რკინიგზას, მათი განმარტებით, სადგურ აბაშაში, ზუგდიდი-თბილსის ხაზზე მატარებლის პანტოგრაფსა და საკონტაქტო ქსელზე მოკლე ჩართვა მოხდა.

შემთხვევის შედეგად შეჩერდა მსვლელობა. საქართველოს რკინიგზის განცხადებით, მგზავრები დანიშნულების ადგილამდე ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებებით გადაიყვანეს. არც ერთი მგზავრი არ დაშავებულა. შემთხვევაზე მიმდინარეობს მოკვლევა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები. უწყების ცნობით, ცეცხლის გაჩენისას ვაგონებში მგზავრები იყვნენ, თუმცა ყველა მათგანი დროულად გამოიყვანეს.

საქართველოს რკინიგზა აცხადებს, რომ ყველა იმ პირს ვინც ორი დღის ვადაში წარადგენს სამგზავრო დოკუმენტს კომპანიის ნებისმერ სალაროში მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდებათ.