პარტია ქართულმა ოცნება ამერიკულ ლობისტურ კომპანია DCI Group AZ, L.L.C.-ს თვეში $33 333-ს გადაუხდის. პარტიიდან დოკუმენტს ხელს აწერს აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი ირაკლი კობახიძე. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რადიო თავისუფლებამ გაავრცელა.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სარეგისტრაციო დოკუმენტი 2020 წლის 12 თებერვლით თარიღდება. მასში წერია, რომ კომპანიამ პარტია ქართული ოცნება უნდა წარმოაჩინოს, როგორც სანდრო, პრაგმატული, დასავლეთის ლიბერალური იდეალებისა და დემოკრატიის ერთგული პარტნიორი:

"მედიაში ინფორმაციის გავრცელების გზით DCI ჯგუფი ქართულ ოცნებას წარმოაჩენს, როგორც დემოკრატიის ურყევ მხარდამჭერს, განსაკუთრებით აშშ-საქართველოს ურთიერთობის კონტექსტში".

მანამდე, აშშ-ის სენატორებისა და კონგრესმენებისგან კრიტიკული წერილების შემდეგ ქართულმა ოცნებამ ლობისტურ კომპანია Hogan Lovells-თან გააფორმა კონტრაქტი. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ხელშეკრულების მიხედვით, პარტია კომპანიას ერთი წლის განმავლობაში თვეში $75000-ს გადაუხდის.

27 იანვარს, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნდა კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობამ საქართველოს მთავრობამ აშშ-სთან ურთიერთობების განმტკიცებისა და კავშირების დამყარებისთვის ლობისტურ კომპანია Chartwell strategy group-თან ხელშეკრულება განაახლა.

როგორც ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, ლობისტური კომპანია საქართველოს მთავრობას დაეხმარება აშშ-ს მხრიდან უსაფრთხოების სფეროს მხარდაჭერის გაძლიერებაში. კომპანია იმუშავებს, აშშ-დან პირდაპირი ინვესტიციებისა და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების საკითხებზე. ამასთან, კომპანიის საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო მედიასთან კომუნიკაციასაც.

ამ ლობისტურ კომპანიას საქართველოს მთავრობა, მომსახურებისთვის ანაზღაურების სახით, 2019 წლის ხელშეკრულებით ყოველთვიურად 65 ათას დოლარს უხდიდა.

ბოლო ორი თვეში საქართველოს მთავრობამ აშშ-დან კონგრესმენებისა და სენატორების კრიტიკული წერილები მიიღო. წერილებში იყო გამოთქმული შეშფოთება მიმდინარე მოვლენების, აქციების დაშლის, პროპორციული სისტემის ჩაგდების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნის გამო და აღნიშნული იყო, რომ საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

გაიგეთ მეტი სენატორების წერილზე:

გაიგეთ მეტი კონგრესმენების წერილებზე: