პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ასოცირების კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციის ნაწილს დაუჭირეს მხარი, ნაწილს — არა. კუჭავას განმარტებით, იმ ნაწილს არ დაუჭირეს მხარი, რომელშიც მათი აზრით, "დაუდგენელი ფაქტები ეწერა".

"ფაქტი ერთია, რაც ჩემთვის ძალიან გასაკვირია, რომ თვითონ რეზოლუცია საკმაოდ კრიტიკული იყო, რასაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, რადგან ვთვლით, რომ არის გარკვეული წუხილები, რაზეც აუცილებელია ჩვენგან მიღებული იქნას ის კრიტიკა. რასაც მხარდაჭერა არ ჰქონდა, ეს იყო ის ცვლილებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში აბსურდულად ჟღერდა", — ამბობს კახა კუჭავა.

კახა კუჭავამ იმის შესახებაც ისაუბრა, რომ დოკუმენტი კრიტიკული იყო ბევრ ნაწილში, მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებით იყო მოწოდებები, რომ გაუმჯობესდეს, დაიხვეწოს პროცედურები. კუჭავას თქმითვე, საუბარი იყო მიმდინარე საკითხებზეც, ზოგად კონტექსტში ნახსენები იყო სასამართლოც, რომ არის სამუშაო.

"დღესაც გამოქვეყნდა მათი [ევროპარლამენტარების] წუხილი. ძალიან კარგად ჩანს ტექსტი, სადაც მითითებულია რომ წუხილი აქვთ უგულავას საქმესთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო პროცედურულად ამ დროს, შინაარსზე არ აქვთ არანაირი ხაზგასმა, როდესაც თავისუფლად შეიძლებოდა ეთქვათ, მაგრამ არ გააკეთეს და მეორე - იმავე განცხადებაში ძალიან კარგად გაუსვეს ხაზი, რომ მოუწოდებენ ყველა მხარეს გააგრძელონ დიალოგი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ის, რომ განწყობები არის გარკვეული დეპუტატების მხრიდან კრიტიკული, ეს ვიცით, ამას ვერც დავმალავთ და ჩვენ ვცდილობთ მათთან კომუნიკაცია გვქონდეს", — თქვა კახა კუჭავამ.

დღეს, 13 თებერვალს ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთობლივი რეზოლუცია ჩავარდა. საბოლოო ვერსიის მხარდასაჭერად ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა იყო საჭირო.

რეზოლუციის შესწორებები მოამზადეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, ოპოზიციამ და, ასევე, ევროპარლამენტარების ნაწილმა. ქართულმა ოცნებამ სწორედ ოპოზიციის შესწორებებს არ დაუჭირა მხარი.

ევროპული საქართველოს დეპუტატი, ოთო კახიძე ამბობს, რომ ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა და ბიძინა ივანიშვილისთვის კიდევ ერთი გაფრთხილება იქნება.

"ჩვენი ცვლილებები ეხებოდა პოლიტიკურ დევნას, გიგი უგულავას ბოლოდროინდელ საქმეს, მედიის მფლობელების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს. მხედველობაში გვაქვს ავთანდილ წერეთელი, გიორგი რურუა, ნიკა გვარამია... მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ოცნებამ ჩააგდო ჩვენი ცვლილებების პროექტი და შემდგომ დააყენეს თავიანთი ცვლილებები და მათ მიერ დაყენებულ ყველა ცვლილებას უპასუხა უარით ევროპარლამენტარმა", — ამბობს ოთო კახიძე.

მმართველი გუნდი ოპოზიციას "ანტისახელმწიფოებრივი" ნაბიჯის გადადგმაში ადანაშაულებს. ქართული ოცნების დეპუტატი, ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ ეს ძალიან ცუდი შედეგია.

"მინდა აღვნიშნო, რომ ის ძალისხმევა, რასაც ოპოზიცია ხარჯავს, ქვეყნის უარყოფით ნაწილზე და ქვეყნის გაშავებაზე, ის რომ ქვეყნის განვითარებისკენ მიმართოს, ბევრად უკეთესი იქნება. სამწუხაროდ, ის პროცესები, რასაც თვითონ აკეთებენ, სასირცხვილოა, ეს არის ძალინ ცუდი შედეგი", — აცხადებს დავით სონღულაშვილი.