დღეს, 13 თებერვალს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ერთობლივ დეოკუმენტზე ვერ შეთანხმდნენ. საბოლოოდ, რეზოლუცია ჩავარდა. მის მხარდასაჭერად ორივე მხარის, ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობის ხმები იყო საჭირო.

ოპოზიცია ამ ფაქტს "უპრეცენდენტო კრახს" უწოდებს. ევროპული საქართველოს დეპუტატი, ოთო კახიძე, რომელიც სტრასბურგში შეხვედრას ესწრებოდა, აცხადებს, რომ ეს ბიძინა ივანიშვილისთვის კიდევ ერთი გაფრთხილება იქნება.

რას ნიშნავს ერთობლივი პროექტის ჩავარდნა და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას ევროინტეგრაციის პროცესზე, On.ge ფონდ ღია საზოგადოება — საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, ვანო ჩხიკვაძეს ესაუბრა.

კონკრეტულად რა დოკუმენტი იყო ის და რა მნიშნელობა აქვს მასზე ვერშეთანხმებას საქართველოსთვის?

ეს არის ერთობლივი დოკუმენტი. პირველი შემთხვევა არ არის და ასეთ დოკუმენტებს იღებს ეს ინსტიტუცია, რომელსაც ეწოდება საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტი. აქამდე ასეთი დოკუმენტები მზადდებოდა და ჩვეულებრივად იღებდნენ. ხშირ შემთხვევაში ის იყო საკმაოდ კრიტიკული. დღევანდელ შემთხვევაში კი ჩვენი, მმართველი და ევროპარლამენტის მხარე ვერ შეთანხმდნენ ამ დოკუმენტის შინაარსზე. ორივე მხარე უნდა შეთანხმებულიყო, რომ მიეღოთ.

ჩემი ვარაუდით, ამის მიზეზია ის, რომ იქითა მხარე უფრო კრიტიკულად აფასებს სიტუაციასა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ვიდრე ამას აფასებს და უყურებს ქართული ოცნება.

ეს, რა თქმა უნდა, კატასტროფა არ არის და ამით არაფერი არ დამთავრებულა, არ ნიშნავს, რომ ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი დასრულდა, თუმცა საკმაოდ საგულისხმო მესიჯია. გზავნილია, რომ განსხვავებულად აღივქვამთ რეალობას უკვე ჩვენ და იქეთა მხარე.

თავად დოკუმენტი რას გულისხმობს, აღწერს ქვეყანაში არსებულ ვითარებას?

დოკუმენტი, როგორც წესი, არის აღწერილობითი და შეფასებითი ხასიათის. ამ ორივე ნაწილს აერთიანებს. საკმაოდ კრიტიკულია და ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის დოკუმენტებისგან განსხვავებით, ეს ბევრად უფრო ღია და თავისუფალია, შესაბამისად. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიში, ის, რაც 4-5 დღის წინ გამოქვეყნდა, შეფასებებში არცთუ ისე ხისტია, როგორიც არის ახლა ევროპარლამენტის რეზოლუციები.

ოპოზიცია ამბობს, რომ ეს შემთხვევა უპრეცენდენტოა...

რაც არსებობს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი, მე არ მახსენდება რომ დასრულებულიყოს ასოცირების ერთიანი დოკუმენტის გარეშე.

თუ გახსენდებათ სხვა ქვეყნების მაგალითი, სადაც მსგავსი პრეცენდენტი იყო?

ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ანალოგი აქვს მხოლოდ მოლდოვასა და უკრაინას. მე არ მახსენდება, რომ მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით მსგავსი მომხდარიყო. უკრაინასთან ნამდვილად არ მახსენდება, მოლდოვასთან, შესაძლებელია.

შეიძლება, ამას რაიმე გავლენა ჰქონდეს აღმოსავლეთ პარტნიორობაზე?

არა, კონკრეტულად ამას გავლენა არ ექნება. უპრეცენდენტო კი არის და ასეთი რამ არ მომხდარა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე დამთავრდა ამით. უბრალოდ, ეს არის გამაფრთხილებელი ნიშანი ჩვენთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის. ცხადია, არ არის სასიამოვნო და ცუდი სიგნალია იმისა, რომ ჩვენ და ევროპული მხარე შეფასებებში ვერ ვთანხმდებით, ანუ სხვადასხვანაირად აღვიქვამთ რეალობას.

როდის გაიმართება მომდევნო შეხვედრა და მსგავსი დოკუმენტის ხელახლა წარდგენა?

ეს შეხვედრა იმართება წელიწადში ორჯერ. ერთი ამ დროს, ანუ ადრე გაზაფხულზე და მეორე შემოდგომას. ამ წუთას ეს დასრულებულია და ახალი დოკუმენტი აღარ იქნება. ერთადერთი, რასაც ველი, რაც შეიძლება მოხდეს და რეალობაა, არის ის, რომ ევროპარლამენტმა თვითონ მიიღოს რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით. ეს ძალიან იდეალურია. სავარაუდოდ, მარტში მოხდება ეს. იქ კი თავისუფალი იქნება შეფასებებში [ევროპარლამენტი], რადგან ერთობლივი დოკუმენტი არ იქნება.

რაც შეეხება სამომავლო ანგარიშებს, საპარლამენტო რეზოლუცია, სავარაუდოდ, მარტში გამოქვეყნდება. იქ კი საკმაოდ კრიტიკული იქნება, თუ ის რეალობა არ შეიცვალა, რაც ქვეყანაშია.