ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი ამბობს, რომ გიგი უგულავას საქმეზე ევროპარლამენტარები ფაქტების შესწავლის შემდეგ დარწმუნდებიან, რომ "საქმე 50 მილიონის ქურდობასთან გვაქვს და პოლიტიკა არაფერ შუაშია".

კალაძე, ასევე, გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრს, სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ევროპარლამენტარებისთვის ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული შემსწავლელი კომისია ევროპარლამენტში ინსტიტუციურად არ არსებობს და მსგავსი ჯგუფი არ შეიქმნება.

"რა პასუხი უნდა გავცე სამადაშვილის სისულელეებზე. მემგონი სერიოზული პასუხის ღირსიც არ არის. საერთოდ არავინ არ გვიცნობს, არც გვიშვებდნენ, საქართველო საერთოდ არ იციან, სად არის რა ქვეყანაა. ბოლოს ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ და მაგის მერე შეგვხვდნენ და შემოგვიშვეს ევროპარლამენტში", — განაცხადა კალაძემ.

დღეს, 13 თებერვალს, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ევროპარლამენტარების მონაწილეობით მრავალპარტიული ფაქტების დამდგენი მისია შექმნა გადაწყდა.

უგულავას დაკავება და შეწყვეტილი დიალოგი

თბილისის ყოფილ მერსა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა ისევ 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით მოუწევს. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადა. საკასაციო საჩივარი ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და ახლადარჩეულმა მოსამართლემ შალვა თადუმაძემ განიხილა.

როგორც მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თქვა, უგულავა უზენაესმა სასამართლომ იმ მუხლით გაასამართლა, რომლითაც 9-წლიანი პატიმრობა იყო გათვალისწინებული. თუმცა, ამ მუხლზე ამნისტია გავრცელდა, განახევრდა. იმის გამო, რომ მას მოხდილი ჰქონდა წელიწადი და ოთხი თვე, პატიმრობაში ყოფნა სამ წელზე მეტ ხანს მოუწევს.

უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაზე მთავრობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და საპროტესტო აქციები დაიწყება. მათი თქმით შემდეგომ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს.

სამთავრობო გუნდის ლიდერებმა მომხდარის შეფასება არ ისურვეს და აშშ-ის ელჩთან შეხვედრის დატოვების შემდეგ კი განაცხადეს, რომ მოგვიანებით ისაუბრებენ. დეპუტატებმა კი მომხდარი "ადეკვატურ განაჩენად შეაფასეს".