სულ მალე, შესაძლოა, სამხედრო დრონები გეიმერების ქცევებზე დაფუძნებულმა ალგორითმებმა მართონ. ბუფალოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა მიიღეს გრანტი, რომლის ფარგლებშიც ისინი დაადგენენ, რა სასარგებლო ინფორმაცია შეიძლება ასწავლონ გეიმერებმა დრონებს.

მეცნიერები შეისწავლიან თამაშის მიმდინარეობისას მოთამაშეების გადაწყვეტილებებს, ტვინის სიგნალებსა და თვალის მოძრაობას. შეგროვებული მონაცემებით ისინი შეეცდებიან შექმნან ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ავტონომიურად შეძლებს დრონებისა და მიწაზე მყოფი რობოტების მართვას.

მონაწილეები ითამაშებენ სტრატეგიულ თამაშს, რომელი მკვლევრებმა სპეციალურად შექმნეს. თამაშის სტილი Starcraft-ისა და Company of Heroes-ის მსგავსია.

ფოტო: Douglas Levere

მანამ, სანამ გეიმერები ითამაშებენ, ბუფალოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეეცდებიან შეისწავლონ მათი გადაწყვეტილებები, ულტრასწრაფი კამერებით მიჰყვნენ მათი თვალის მოძრაობას, პარალელურად კი ისინი ელექტროენცეფალოგრამის დახმარებით ტვინის სიგნალებს ჩაიწერენ.

ცდის მიმდინარეობისას შეგროვებულ ინფორმაციას ალგორითმის შესაქმნელად გამოიყენებენ, რომელსაც 250 დრონისგან შემდგარი გუნდის მართვა შეეძლება.

"ჩვენ არ გვჭირდება AI სისტემა, რომელიც უბრალოდ გაიმეორებს ადამიანის ქმედებებს. ჩვენ გვსურს გავიგოთ, თუ რა არის ამა თუ იმ ქმედების მოტივატორი, სწორედ ესაა ის, რაც უფრო ღრმა ხელოვნური ინტელექტის შექმნისათვის გვჭირდება", — განაცხადა პროექტის მთავარმა მკვლევარმა ჩაუდჰერიმ UBNow-სთან საუბრისას.

კვლევას თავდაცვის მოწინავე პროექტების სააგენტო (DARPA) აფინანსებს. მათსავე მოცემულ ვიდეოზე ვხედავთ, თუ როგორ იღებენ მონაწილეობას დრონებისა და რობოტების გუნდები ქალაქის რეიდში.