ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე და ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნით შეშფოთებულია. ამის შესახებ ტუსკმა ტვიტერზე დაწერა.

"შეშფოთებული ვარ უგულავას განაჩენით და ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნით. მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისთვის გამოყენება არ შეიძლება. მმართველმა ელიტამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია. კანონის უზენაესობა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისთვის არსებითი ნაწილია", — წერს დონალდ ტუსკი.

გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებიც და ამბობენ, რომ უზენაესის სასამრთლოს გადაწყვეტილების მიმართ კითხვები არსებობს. განცხადება ევროპარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

დღეს, 13 თებერვალს, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ევროპარლამენტარების მონაწილეობით მრავალპარტიული ფაქტების დამდგენი მისია შექმნა გადაწყდა.

უგულავას დაკავება და შეწყვეტილი დიალოგი

თბილისის ყოფილ მერსა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა ისევ 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით მოუწევს. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადა. საკასაციო საჩივარი ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და ახლადარჩეულმა მოსამართლემ შალვა თადუმაძემ განიხილა.

როგორც მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თქვა, უგულავა უზენაესმა სასამართლომ იმ მუხლით გაასამართლა, რომლითაც 9-წლიანი პატიმრობა იყო გათვალისწინებული. თუმცა, ამ მუხლზე ამნისტია გავრცელდა, განახევრდა. იმის გამო, რომ მას მოხდილი ჰქონდა წელიწადი და ოთხი თვე, პატიმრობაში ყოფნა სამ წელზე მეტ ხანს მოუწევს.

უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაზე მთავრობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და საპროტესტო აქციები დაიწყება. მათი თქმით შემდეგომ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს.

სამთავრობო გუნდის ლიდერებმა მომხდარის შეფასება არ ისურვეს და აშშ-ის ელჩთან შეხვედრის დატოვების შემდეგ კი განაცხადეს, რომ მოგვიანებით ისაუბრებენ. დეპუტატებმა კი მომხდარი "ადეკვატურ განაჩენად შეაფასეს".