ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ თუ რუსეთის დელეგაცია თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მეთაურობით ჩამოვა, ეს სერგეი გავრილოვის ჩამოსვლაზე დიდი შეცდომა იქნება. ამის შესახებ მან ლეიბორისტულ პარტიაში ჟურნალისტებს განუცხადა.

"მე ვურჩევდი მათ რომ გავრილიადას ნუ გაიმეორებენ", — აღნიშნა დეკანოიძემ.

ის ვარაუდობს, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს, ოკუპაციის შესახებ კანონი უგულებელყოს:

"როგორც ვიცით პრემიერი მიუნხენშია კონფერენციაზე, ლავროვიც მიუნხენშია და, ამავე დროს, ლავროვი ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს საქართველოში ჩამოსასვლელად და არ გამოვრიცხავ, ეს გარანტიები ლავროვმა გახარიასგან მიიღოს".

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილისა და რუსეთის საბჭოს სენატორის, გრეგორი კარასინის განცხადებით, რუსეთის დელეგაცია თბილისში ევროსაბჭოს მინისტერიალს დაესწრება. მისი თქმით, ვიზიტის შესახებ დაძაბულობა "ხელოვნურად არის შექმნილი".

საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ, მინისტერიალს 14-15 მაისს უნდა უმასპინძლოს. მინისტერიალის ფარგლებში შესაძლოა, რომ ქვეყანას რუსეთის დელეგაციის ისეთი წევრებიც ესტუმრონ, რომელთაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი აქვთ დარღვეული, მათ შორის შესაძლოა იყოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც.

28 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთის დელეგაციას უმასპინძლებს, თუნდაც ამისთვის კანონისთვის "გვერდის ავლა" გახდეს საჭირო. მისი თქმით, ქვეყანა "ქართულ სტუმართმოყვარეობას" გამოავლენს.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კი განაცხადა, რომ "ვერავინ საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის". როგორ აპირებს ამას, პრემიერს არ დაუკონკრეტებია.