შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს ოჯახურ დანაშაულს 7 ქალი ემსხვერპლა. უწყების განცხადებით, 2018 წელსაც ამდენივე ქალი მოკლეს, წინა წლებში კი მაჩვენებელი ორმაგი იყო.

შსს-ს განცხადებით, ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე მიმართვიანობა გაიზარდა და შედეგად 2019 წელს 6 000-ზე მეტ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. მათივე თქმით, ამავე წელს აღნიშნული დანაშაულებისთვის ბრალი წარედგინა 4 564 პირს და მათი უმეტესობა დააკავეს.

უწყების განცხადებით, 2019 წელს სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ფაქტებზე 10 266 შემაკავებელი ორდერი გამოსცეს, რაც 34%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს. მათივე თქმით, შემცირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის მაჩვენებელი. კერძოდ, 2019 წელს, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერი 376-მა პირმა, ანუ 4%-მა დაარღვია. 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 6%-ს უდრიდა.