შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს ოჯახში ძალადობისა და დანაშაულის 6 000-ზე მეტ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. უწყების განცხადებით, ამავე წელს აღნიშნული დანაშაულებისთვის ბრალი წარედგინა 4 564 პირს და მათი უმეტესობა დააკავეს.

შსს-ში განმარტავენ, რომ 2019 წელს ამ დანაშაულებებზე მიმართვიანობა გაზრდილია, რადგან 2018 წელს ეს მაჩვენებლები უფრო დაბალი იყო. კერძოდ, გამოძიება 5 621 ფაქტზე იყო, სისხლისსამართლებრივი დევნა კი — 3 955 პირზე.

უწყების განცხადებით, 2019 წელს ოჯახური დანაშაულის შედეგად 7 ქალი გარდაიცვალა. მათივე თქმით, წინა წლებში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო: 2016 წელი — 14, 2017 წელი — 14, 2018 წელი — 7.

გარდა ამისა, უწყების განცხადებით, 2019 წელს სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ფაქტებზე 10 266 შემაკავებელი ორდერი გამოსცეს, რაც 34%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს. მათივე თქმით, შემცირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის მაჩვენებელი. კერძოდ, 2019 წელს, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერი 376-მა პირმა, ანუ 4%-მა დაარღვია. 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 6%-ს უდრიდა.