წინა თვეში მსოფლიომ 75 წლისთავი აღნიშნა აუშვიც-ბირკენაუს ბანაკის გათავისუფლებიდან. ამ თარიღმა კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიოს, სადამდე შეიძლება, რასიზმმა და შოვინიზმმა მიგვიყვანოს. ჰოლოკოსტი არ არის მხოლოდ ებრაელი ხალხის ტრაგედია. ეს არის ზოგადსაკაცობრიო ბოროტება, რომელიც რასისტულმა დამოკიდებულებებმა გამოიწვია და რომელსაც მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. "დადგება დრო, როცა ჩვენ ისევ ვიქნებით ადამიანები და არა უბრალოდ ებრაელები", — ეს სიტყვები ჰოლოკოსტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მსხვერპლს, ანა ფრანკს ეკუთვნის. ამ ტრაგედიას შეწირულებს მართლაც ადამიანობას, ღირსებას ართმევდნენ და მკლავზე ამოტვიფრულ ნომრებად აქცევდნენ.

ვერ ვიტყვით, რომ მსოფლიომ რასიზმი გერმანიის ნაცისტურ მთავრობასთან ერთად ჩააბარა მძიმე წარსულს. ახალი ათწლეულის დასაწყისში მსოფლიოს კორონავირუსთან გამკლავება უხდება, თუმცა მასთან ერთად განახლებული ძალით იჩინა თავი არანაკლებ საშიშმა დაავადებამ — რასიზმმა, რომელიც ქართული საზოგადოებისთვისაც არ აღმოჩნდა უცხო.

თუმცა ტოლერანტული დამოკიდებულებებით ვერც დასავლური საზოგადოება დაიკვეხნის. თანამედროვე მედიასივრცეში, როგორც ჩანს, შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ რასასა და წარმომავლობაზე გაკეთებულ აქცენტებს. შედეგად, დღეს მნიშვნელოვან ღირებულებათა გარშემო გაჩაღებულ დისკუსიებს სულ უფრო და უფრო ხშირად ვაწყდებით. მაგრამ ზოგჯერ შესაძლებელია, ბრძოლისთვის წინასწარ შევიარაღდეთ — ხოლო როცა აზრთა პაექრობა რასას უკავშირდება, საუკეთესო იარაღი მეცნიერებაა.

ინდიანას შტატის ქალაქ მედისონში გამართულ მიტინგზე კონტრაქციის მონაწილე კუ კლუქს კლანის წევრებს უპირისპირდება. 2019 წელი.

ფოტო: Anadolu Agency / Getty Images

რასიზმი ცრურწმენებზეა დაფუძნებული და მას მეცნიერებასთან ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს. რასის ცნება იმპერიების და ფეოდალური სახელმწიფოების პერიოდში გაჩნდა, როცა ახლადაღმოცენებული მეცნიერების დარგების სპეციალისტებმა მსოფლიოში მცხოვრები ადამიანები გარკვეული ნიშნების მიხედვით დაყვეს. კარლ ლინე ბიოლოგიური ტაქსონომიის ფუძემდებელია. მან ის სისტემა შექმნა, რომელსაც დღესაც ვიყენებთ: გვარი და სახეობა — ჰომო საპიენსი. ამასთან, მან, კანტთან, ვოლტერთან და სხვა ევროპელ განმანათლებლებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეცნიერული რასიზმის ჩამოყალიბებაში.

კლასიფიკაციები, მეტწილად, კანის ფერზე იყო დაფუძნებული; ზოგიერთი კი თავის ქალის ფორმას იყენებდა, რასაც თან მრავალი მცდარი ღირებულებითი შეფასება სდევდა: ლინე აფრიკელებს ზარმაც და "ახირებულ" ხალხად ახასიათებდა; ადგილობრივ ამერიკელებს — "მიზანდასახულებად და ჯიუტებად"; აღმოსავლეთაზიელები მისი წარმოდგენით ქედმაღალი, ხარბი და "შეხედულებებით მართული" ხალხი იყო. რაც შეეხება ვოლტერს, მისი აზრით, შავკანიანი მოსახლეობა საერთოდ სხვა სახეობას წარმოადგენდა. რასების ამგვარი დაყოფა მოიაზრებდა იერარქიასაც, რომლის თავშიც, რასაკვირველია, ყოველთვის თეთრკანიანი ევროპელები იდგნენ.

მეცხრამეტე საუკუნეში დარვინის გარე-ბიძაშვილმა, ფრენსის გალტონმა და სხვა მეცნიერებმა საკუთარი არგუმენტები რასასთან დაკავშირებით მკაცრად ჩამოაყალიბეს. თუმცა — როგორც დარვინმა შენიშნა — ისინი არსებული რასების რაოდენობაზე ვერაფრით შეთანხმდნენ. ეს რიცხვი ერთიდან სამოცდასამამდე მერყეობდა. გალტონი არაჩვეულებრივი მეცნიერი იყო და, ამავდროულად, გასაოცრად რასისტული დამოკიდებულებების მქონეც. ამ ამბავში ერთი რამაა ყველაზე ირონიული: სფერო, რომელიც გალტონმა ფაქტობრივად დააარსა — სწავლება ადამიანის გენეტიკის შესახებ — მეცნიერების ის დარგია, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დაასაბუთა, რომ რასას ბიოლოგიური ღირებულება არ აქვს. თანამედროვე გენეტიკა ამტკიცებს, რომ რასის ის განსაზღვრება, რომელსაც ხშირად ვიყენებთ საუბარში, არ შეესაბამება ადამიანთა შორის ვარიაცათა არსებობის ბიოლოგიურ განსაზღვრებას. ნაცვლად ამისა, რასა კულტურული დაყოფის შედეგია — სოციალური წარმონაქმნია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იგი უფუნქციო ან ნაკლებად მნიშვნელოვანია. ეს არც იმას ნიშნავს, რომ რასა არ არსებობს. ადამიანი სოციალური ცხოველია და იმას, თუ როგორ აღვიქვამთ ერთმანეთს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რასა კი იმიტომ არსებობს, რომ ჩვენ მას აღვიქვამთ.

რასიზმი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღევანდელ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალი ძალით იჩენს თავს: მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რასისტული გამონათქვამებით კატალოგის შედგენაც კი შეიძლება — მათგან აღსანიშნავია კონგოელი ხალხის მოხსენიება "პიკანინიებად საზამთროს ღიმილით". პოლიტიკას რომ თავი გავანებოთ, სპორტშიც ყოველთვის მრავლად მოიძებნებოდნენ რასისტი ფანები. მაგალითისთვის, 2018 წელს სათამაშო მოედანზე ბანანებს ისევე ესროდნენ შავკანიან ფეხბურთელებს, როგორც ეს 30 წლის წინ ხდებოდა. გასული წლის ნოემბერში ინგლისელი კრიკეტის მოთამაშე, ჯოფრა არჩერი აგრეთვე გახდა რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ახალ ზელანდიაში გამართული შესარჩევი მატჩის დროს.

ჩვენ ყველანი ვიცნობთ ვიღაცას, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ ავლენს რასისტულ დამოკიდებულებებს: მათ, ვინც ფიქრობს, რომ სპორტული წარმატება წარმომავლობას უკავშირდება და არა — საწვრთნელ მომზადებას; რომ აზიელ სტუდენტებს "მათემატიკური ტვინი" აქვთ; ან რომ ებრაელებს ფულის შოვნის ნიჭი აქვთ გენეტიკურად მიმადლებული. და რადგან ტენდენცია იმისკენ მიუთითებს, რომ რასისტული დამოკიდებულებები მომავალში კიდევ უფრო გამოიკვეთება, შეიარაღდით, რადგან მეცნიერება ის სფეროა, რომელიც რასიზმთან ვერაფრის დიდებით ვერ მეგობრობს. სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით ქვემოთ საზოგადოებაში გავრცელებული რამდენიმე რასისტული შეხედულების გამაბათილებელ მეცნიერულ არგუმენტებს შემოგთავაზებთ.

რომელი ფერი გინდა შენ?

2015 წლიდან მოყოლებული განახლებულ ემოჯიებს კანის სხვადასხვა ფერის მქონე ადამიანების გამოსახულებები ემატება.

ფოტო: AP

რასაც თვალით ვხედავთ, პიროვნების უმნიშვნელო ნაწილია. მაგრამ ადამიანები სამყაროს, დიდწილად, ვიზუალურად აღიქვამენ, ამიტომ კანის ფერი უმთავრესი ფაქტორია რასების განაწილებისას. მიუხედავად ამისა, ამ იდეას არცთუ შორს მიმავალი ფესვები აქვს და მხოლოდ განმანათლებლობის პერიოდიდან გვხვდება ადამიანთა რაობის მნიშვნელოვან განმსაზღვრელად. თანამედროვე გენეტიკა კი ბევრად უფრო დახვეწილ და გასაოცარ სურათს გვთავაზობს.

ღია ფერის კანი, ნაწილობივ მაინც, ნაკლებად მზიან გარემოსთან ადაპტაციის შედეგია, რათა ადამიანები ფოლიუმის დეფიციტისგან დაცულები ყოფილიყვნენ. ჰომო საპიენსის წარმომავლობა აფრიკასთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს იმას მაინცდამაინც არ ნიშნავს, რომ ყველა ჩვენი წინაპარი მუქკანიანი იყო ან რომ ყველას ერთი ფერის კანი ჰქონდა. სხვადასხვა მოსახლეობაში კანის ფერთა შორის არსებული ვარიაციები შეგვიძლია ავხსნათ ადგილობრივ გარემოსთან ადაპტაციით და ისეთი ევოლუციური ფაქტორებით, როგორებიცაა, მაგალითად, ხელმისაწვდომი საკვები და გავრცელებული დაავადებები. მსგავსად ამისა, ღია ფერის პიგმენტაციაზე პასუხისმგებელი გენები ევოლუციამ ეკვატორიდან დაშორებულ ტერიტორიებზე გადაარჩია.

თუმცა კანის ფერების გამა მხოლოდ აფრიკის კონტინენტზე ბევრად უფრო დიდია, ვიდრე სადმე სხვაგან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სელექციის ეს მარტივი მოდელი, რომელიც მზისგან მიღებული გამოსხივების ინტენსივობის მიხედვითაა აგებული, არსებულ მრავალფეროვნებას მხოლოდ ნაწილობრივ ხსნის. მსოფლიოში 1,3 მილიარდი აფრიკელია, 42 მილიონი კი — აფროამერიკელი. გარდა იმისა, რომ ეს საოცრად დიდი რიცხვია, აღნიშნული ჯგუფი გენეტიკური თვალსაზრისით უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ხალხი დედამიწაზე. მაგრამ ამისდა მიუხედავად, დასავლელების უმეტესობა მათ ყევლას "შავკანიანებად" მოიხსენიებს. ეს მეცნიერულად უარსო კლასიფიკაციაა, რომელიც დასავლურ კულტურაში ხუთსაუკუნოვანი სამეცნიერო რასიზმის შედეგად ჩაიკირა. სტერეოტიპული შეხედულებების პიგმენტაციაზე დაყრდნობით შექმნა უგუნურებაა, რადგან რასობრივი განსხვავებები კანზე უფრო ზედაპირულიც კია.

ეს მიწა შენი ქვეყანაა

"ინგლისი ინგლისელებისთვის" მღერის მორისი თავის ცნობილ სიმღერაში, The National Front Disco. და ახლა, როცა მან ღია მხარდაჭერა გამოუცხადა მემარჯვენე მოძრაობას, ბრიტანეთისთვის — პოლიტიკურ პარტიას, რომელზეც თვით ბრექსიტის მომხრე პოლიტიკოსი, ნაიჯელ ფარაჟიც კი ფიქრობს, რომ "ნაცისტებით და რასისტებითაა" სავსე — ამ სიმღერის ტექსტის ირონიულობა ეჭვის ქვეშ დგება. მიუხედავად იმისა, რომ მორისი რასისტობას უარყოფს, ამ ფრაზის უკან მდგარი იდეა უკვე დიდი ხანია, რასისტულ ლოზუნგადაა ქცეული. გასული წლის ივლისში პრეზიდენტმა ტრამპმა ოთხ არჩეულ კონგრესვუმენს ურჩია, რომ თუ ამერიკაში არსებული სიტუაცია არ მოსწონდათ, იქ უნდა დაბრუნებულიყვნენ, საიდანაც ჩამოვიდნენ. ამ ქალთაგან სამი შეერთებულ შტატებშია დაბადებული, ხოლო ერთი სომალში დაბადებული ამერიკის მოქალაქეა. ამ დროს, ტრამპის მამის მხრიდან ბებია-ბაბუა გერმანელი ემიგრანტები იყვნენ, დედამისი შოტლანდიაში დაიბადა, მისი პირველი ცოლი მორავიელია, მესამე კი — სლოვენიელი. მოკლედ, ადგილობრივისა და ჩამოსულის ცნებებს შორის ზღვარი ერთობ ბუნდოვანია.

მარცხნიდან მარჯვნივ: კონგრესვუმენები, რაშიდა ტლაიბი, ილჰან ომარი, ალექსანდრია ოკასიო-კორტეზი და აიანა პრესლი, რომელთაც დონალდ ტრამპმა "სახლებში დაბრუნება" ურჩია.

ფოტო: Jim Lo Scalzo / EPA

"ადგილობრიობის" იდეა მართლაც რომ ჩახლართულია, ეს მხოლოდ ბრიტანეთის მაგალითითაც კარგად ჩანს. ბრიტანეთის კუნძულები ისტორიის განმავლობაში მრავალგზის დაილაშქრა; მათგან 1066 წლის შემოჭრა ძალადობრივ დაპყრობათა შორის უკანასკნელი იყო. მაგრამ ამ ისტორიულ მოვლენამდე ბევრად ადრე ბრიტანეთი ჯერ ვიკინგებს, შემდეგ კი ანგლო-საქსებს, ალანებს და ათობით სხვა ტომს ჰქონდა დაპყრობილი. გარკვეული დროის მანძილზე იქაურობა რომაელებსაც ჰქონდათ დაკავებული, თუმცა არა უშუალოდ რომის ჯარით, არამედ დაპყრობილ ტერიტორიებზე შექმნილი იმპერიის არმიით, რომლის რიგებშიც იყვნენ მეომრები გალიიდან, ხმელთაშუაზღვისპირეთიდან და სუბსაჰარული აფრიკიდან.

დაახლოებით 4,500 წლის წინათ ბრიტანეთი დასახლებული იყო უმეტესად ევროპული წარმოშობის ფერმერებით. დიდი ხნის წინ მცხოვრები ხალხის ძვლებიდან აღებული დნმ-ის ანალიზი მოწმობს, რომ მათ, სავარაუდოდ, ხორბლისფერი კანი, მუქი ფერის თმა და ყავისფერი თვალები ჰქონდათ.

ეგრეთ წოდებული "თასების ხალხი" ბრიტანეთში 4,400 წლის წინ ჩავიდა და ამჯერადაც უძველეს მცხოვრებთა დნმ-ზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მომდენო საუკუნეების განმავლობაში მათ თითქმის მთლიანად ჩაანაცვლეს ადგილობრივი მოსახლეობა. ჩვენ არ ვიცით, როგორ ან რატომ მოხდა ეს; მიზეზი, შეიძლება, ძალმომრეობა, დაავადება ან საერთოდ სხვა რამ ყოფილიყო.

მანამდე ამ მიწაზე ცხოვრობდნენ მუქკანიანი მონადირე-შემგროვებლები, რომლებიც მოცემულ ტერიტორიაზე ათასწლეულების მანძილზე ბინადრობდნენ. ამის წინარე ისტორია კი ბუნდოვანებითაა მოცული. ყველაზე ძველი მტკიცებულება ბრიტანელების ნამოსახლარისა ჰეიზბარას სანაპირო ზოლზე გვხვდება ნორფოლკის საგრაფოში, სადაც ადამიანის უცნობი სახეობის წარმომადგენლის 900 ათასი წლის წინანდელი ნაკვალევია აღმოჩენილი.

არცერთი სახელმწიფო, ხალხი, პოლიტიკური ძალა თუ საზღვარი არაა მარადიული. დმანისში აღმოჩენილი უძველესი ევროპელები ჩვენი სახეობის წარმომადგენლებიც კი არ იყვნენ. ამრიგად, როცა ისეთ რასისტულ ფრაზებს ამბობენ, როგორიცაა "ინგლისი ინგლისელებს" ან "საქართველო ქართველებს" (ჩვენთან მსგავსი დატვირთვის ფრაზები განსაკუთრებით პოპულარული იყო გასული საუკუნის 90-იან წლების დამდეგს, როცა რამდენიმე ეთნიკური უმცირესობის მიმართ არაერთი დისკრიმინაციული განცხადება გაკეთდა და ქმედება განხორციელდა), გაუგებარია, ვის გულისხმობენ ან უფრო კონკრეტულად — როდინდელ მკვიდრებს. სავარაუდოდ, ამას თავადაც არ უწყიან.

წმინდა სისხლი

თეთრკანიანთა აღმატებულობის იდეის მომხრეები დნმ-ით არიან შეპყრობილნი. საკმაო დროს თუ დაყოფთ ინტერნეტის ყველაზე ბინძურ კუთხეებში ჩასაფრებულები და წარმომავლობის შესახებ რასისტების დისკუსიებს დააკვირდებით, ბევრ საინტერესო რაღაცას აღმოაჩენთ. რასისტული ონლაინ-პლატფორმები, როგორებიც Stormfront, 4Chan და 8Kun არის, წალეკილია ათასობით პოსტით რასობრივი სიწმინდისა და წარმომავლობის დასადგენი საშუალებების შესახებ. ხანდახან ამგვარი კომერციული პროდუქტები ამ ადამიანების ისეთ წარმომავლობას ააშკარავებს, რომელიც თეთრკანიან რასისტებს ეზიზღებათ. თეთრკანიანთა სიწმინდის იდეა მსგავსი ადამიანების მსოფლმხედველობის ქვაკუთხედია, ამიტომ ხშირად მოულოდნელი შედეგების მიღება შეთქმულების თეორიებს აღვივებს: "პროდუქტის მწარმოებელ კომპანიას ებრაელები მართავენ"; ან, უბრალოდ, აბსურდულ მოსაზრებებს ბადებს: "როცა სარკეში იხედებით, ხედავთ ებრაელს? თუ არა, არაფერი გიშავთ", რაც ტესტის დანიშნულებას, ცოტა არ იყოს და, უგულებელყოფს.

ფრენსის გალტონის ანთროპომეტრული ლაბორატორია.

ფოტო: Science & Society Picture Library / Getty Images

არ არსებობს "სუფთა სისხლის" ხალხი. ჩვენი საგვარეულო ხეები აბურდული ქსელია და რამდენიმე თაობის შემდეგ ყველა ხაზის მიმართულება გაურკვეველი ხდება. ყველა ნაცისტს ებრაელი წინაპრები ჰყავდა, ყველა რასისტს — აფრიკელი. ისინიც კი, ვინც რასისტები არ არიან, ხშირად ფიქრობენ, რომ მათი წარმომავლობა ასევე "წმინდაა". ამ ტიპის აზროვნების გამტკიცებას გენეტიკური წარმომავლობის კომერციული ტესტების შედეგების არასწორი ინტერპრეტაციაც უწყობს ხელს. მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად გამოყოფილი და ჰომოგენური გგონიათ საკუთარი საგვარეულო ხე, რამდენიმე საუკუნის უკან ყველა აბურდული ხაზი თქვენს კონტინენტზე მცხოვრები ხალხისას კვეთავს, რამდენიმე ათასწლეულის უკან კი მთელ მსოფლიოში მცხოვრები ადამიანების წარმომავლობის ხაზები ერთიანდება.

გენეალოგია და გენეტიკური გენეალოგია ერთმანეთს იდეალურად არ ემთხვევა. და რადგან კვერცხუჯრედის და სპერმატოზოიდის შერწყმისას მათი დნმ-ებიც ერთმანეთში ირევა, თაობათა მანძილზე ბევრი რამ იკარგება. ეს ნიშნავს, რომ თქვენი დნმ 11 თაობის წინაპართა მხოლოდ ნახევრის გენებს უკავშირდება. თქვენ გენეტიკურად არ ენათესავებით იმ წინაპარს, რომელიც XVIII საუკუნის შუა წლებამდე ცხოვრობდა. სანაცვლოდ, თქვენ იმ უამრავი ადამიანის მემკვიდრე ხართ, რომელთა უმეტესობის შესახებაც არაფერი იცით და რომელთა დიდ ნაწილთან არანაირი არსებითი გენეტიკური კავშირი არ გაქვთ.

შავკანიანების ძალა

უკანასკნელი თეთრკანიანი კაცი, რომელმაც 100-მეტრიან დისტანციაზე რბენაში ოლიმპიური ოქრო მოიგო 1980 წელს, ალან უელსი გახლდათ. ამ წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სპორტულ ღონისძიებას ბოიკოტი გამოუცხადა. ეს ასევე ბოლო შემთხვევა იყო, როცა თეთრკანიანმა კაცმა ოლიმპიადაზე სპორტის ამ სახეობის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა. მთლიანობაში სულ ხუთი ასეთი შემთხვევა შემორჩა ისტორიას. ბევრისთვის ეს იმ მტკიცებულების საფუძველია, რომ შავკანიან ხალხს — უფრო კონკრეტულად კი აფროამერიკელებს, იამაიკელებს ან კანადელებს — ბიოლოგიური მოცემულობა ანიჭებს უპირატესობას სპორტის ისეთ სახეობებში, სადაც საასპარეზოდ დიდი ენერგიის ქონაა საჭირო.

სამწუხაროდ, სპორტული ელიტა იმ მოსახლეობის ტიპურ ნიმუშს ნამდვილად არ წარმოადგენს, რომელზეც განზოგადება ხდება — ისინი, თავიანთი უკიდურესად განვითარებული ფიზიკური შესაძლებლობებით, გამონაკლისს უფრო წარმოადგენენ, ვიდრე ნორმას. შერჩეული ჯგუფის სიდიდეც ასევე ვერ უძლებს კრიტიკას: იმ ათლეტების რიცხვი, რომლებმაც ოლიმპიადაზე 100-მეტრიანი დისტანციის რბენაში უელსის მიერ ოქროს მედლის აღებიდან დღემდე იასპარეზეს, მხოლოდ 58 არის. მათგან ხუთი გახლდათ აფრიკელი და არც ერთი — დასავლეთ აფრიკიდან, საიდანაც მიჰყავდათ ხოლმე მონებად ხალხი. ამ მაჩვენებლით, 1980 წლიდან მოყოლებული, სპორტის ამ სახეობაში აფრიკელები ისეთივე წარმატებულები არიან, როგორც თეთრკანიანი ათლეტები.

ალან უელსი 1980 წელს უკანასკნელი თეთრკანიანი კაცი გახდა, რომელმაც 100-მეტრიან დისტანციაზე რბენაში ოლიმპიური ოქრო მოიგო.

ფოტო: Mirrorpix / Getty Images

ამ მონაცემებს იმით ხსნიან ხოლმე, რომ საუკუნეობრივმა მონობამ კონკრეტულად აფროამერიკელებში დიდი ენერგიის ქონისათვის საჭირო გენების სელექცია გამოიწვია. ეს კი, მრავალ მიზეზთა გამო, სრულიად გამოუსადეგარი არგუმენტია. ჩვენ მსგავსი ევოლუციური სელექციის შედეგებს აფროამერიკელ მოსახლეობაში ტრანსატლანტიკური მონობის დასაწყისიდან მოყოლებული შეგვიძლია ვეძიოთ. 2014 წელს განხორციელებულმა კვლევამ შეისწავლა 29,141 აფროამერიკელის დნმ. კვლევამ მთლიან გენომში სელექციის ვერანაირი ისეთი ნიშანი ვერ დაინახა, რომელიც მიუთითებდა რაიმე თვისების შეცვლაზე მას შემდეგ, რაც მათი წინაპრები აფრიკული სამოსახლოდან წაიყვანეს.

მაგრამ მსჯელობის გასაგრძელებლად დავუშვათ, რომ აფროამერიკელებში მართლაც გამორჩეულად განვითარდა ძალასა და სიმტკიცეზე პასუხისმგებელი გენები. მაშინ რა არის იმის მიზეზი, რომ აღმოსავლეთევროპელები წარმატებულნი არიან ძალოსნობაში, თუმცა თითქმის არ ასპარეზობენ სპრინტში? რატომ აღწევენ აფროამერიკელები წარმატებას კრივში, თუმცა არა ჭიდაობაში? სად არიან ველოსპორტში მოასპარეზე შავკანიანები? რატომ არის, რომ 50 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვის ოლიმპიური ისტორიის მანძილზე აფროამერიკელი ფინალისტების რიცხვი მხოლოდ ერთია? ამ ფაქტებიდან არც ერთი შეესაბამება იმ მოსაზრებას, რომელიც აფროამერიკელების 100 მეტრის დისტანციაზე რბენაში წარმატებას მონობით ხსნის.

ტრანსატლანტიკურმა მონათვაჭრობამ მილიონობით დასავლეთაფრიკელი სამხრეთ ამერიკაშიც გადაასახლა. რამდენია იმ სამხრეთამერიკელების რიცხვი, რომელთაც 100-მეტრიან დისტანციაზე რბენაში ოლიმპიური თამაშების ფინალში უასპარეზია? — ნული.

საქმე ისაა, რომ ოლიმპიურ სპრინტებში მოასპარეზე სპორტსმენები ან სპორტული ელიტის ნებისმიერი წარმომადგენლები არ წარმოადგენენ მთლიანი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელზე დაყრდნობით მიღებული სტატისტიკაც ღირებული დასკვნების გამოტანის საშუალებას მოგვცემს. მიუხედავად ამისა, ეს სწორედ იმ ტიპის მონაცემია, რომელიც ყველაზე გავრცელებული რასისტული სტერეოტიპების საფუძველი ხდება ხოლმე. ელიტური ათლეტები იმაზე მეტ დაფასებას იმსახურებენ, ვიდრე მათი წარმატების ხელსაყრელი წარმომავლობისადმი მიწერაა.

ამაზე თემაზე:

ახალი ევგენიკა — როგორ ამართლებენ რასიზმს ბიოლოგიით და ყალბი მეცნიერებით.