საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ს) პრეზიდენტი, დენიელ ტვაინინგი ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ოპოზიციის წინააღმდეგ სასამართლოს იარაღად გამოყენება დაუშვებელია. ამის შესახებ მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

"შეერთებულ შტატებში, ისევე როგორ საქართველოში, არსებობს შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის დიდ მისწრაფებას იყოს დასავლეთის ნაწილი", — განაცხადა ტვაინინგმა.

უგულავას დაკავება და შეწყვეტილი დიალოგი

თბილისის ყოფილ მერსა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა ისევ 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით მოუწევს. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადა. საკასაციო საჩივარი ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და ახლადარჩეულმა მოსამართლემ შალვა თადუმაძემ განიხილა.

როგორც მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თქვა, უგულავა უზენაესმა სასამართლომ იმ მუხლით გაასამართლა, რომლითაც 9-წლიანი პატიმრობა იყო გათვალისწინებული. თუმცა, ამ მუხლზე ამნისტია გავრცელდა, განახევრდა. იმის გამო, რომ მას მოხდილი ჰქონდა წელიწადი და ოთხი თვე, პატიმრობაში ყოფნა სამ წელზე მეტ ხანს მოუწევს.

უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაზე მთავრობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და საპროტესტო აქციები დაიწყება. მათი თქმით შემდეგომ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს.

სამთავრობო გუნდის ლიდერებმა მომხდარის შეფასება არ ისურვეს და აშშ-ის ელჩთან შეხვედრის დატოვების შემდეგ კი განაცხადეს, რომ მოგვიანებით ისაუბრებენ. დეპუტატებმა კი მომხდარი "ადეკვატურ განაჩენად შეაფასეს".