"გაბედე და მე დამიჯექი სტუდიაში და იქ ვნახოთ მერე, ვინ არის ამორალური", — ასე მიმართავს მთავარი არხის ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატს, ანრი ოხანაშვილს.

კვესიტაძემ ფეისბუქზე ანრი ოხანაშვილს მას შემდეგ მიმართა, რაც დეპუტატმა TV პირველის ეთერში ამავე არხის ჟურნალისტს, თამარ ჩიხლაძეს უპასუხისმგებლო ჟურნალისტი და ამორალური ადამიანი უწოდა. გარდა ამისა, ქართული ოცნების წევრები უარს აცხადებენ მთავარი არხის გადაცემებში მიმიღონ მონაწილეობა და ხშირად ტელეკომპანიის ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებენ.

ანრი ოხანაშვილი დღეს, 12 თებერვალს დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში იყო მიწვეული ევროპელი საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას პატიმრობის განსახილველად, თუმცა ამის ნაცვლად ტელეკომპანიის ეთერში რამდენიმე კვირის წინ გასული გადაცემის კრიტიკა დაიწყო.

ოხანაშვილის კრიტიკა მოყვა ჩიხლაძის გადაცემას, რომელშიც სტუმრად მიწვეული იყო პირი, რომელსაც დეპუტატი ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებდა. ამავე გადაცემაში ოხანაშვილიც იყო მიწვეული, თუმცა არ მივიდა, რადგან ეს შეურაცხმყოფელად მიიჩნია. დღევანდელ ეთერში მან ტელეკომპანია პირველს შესთავაზა გეგმა, თუ როგორ უნდა გაეშუქებინათ მისი საქმე "ობიექტურად".

"მორალი და ზნეობა არის უპირველესი ღირებულება, რაც ადამიანს უნდა გააჩნდეს რა პროფესიაშიც არ უნდა იყოს და როდესაც ამ სტანდარტს და ღირებულებას გადაუხვევ იქ ჩივილს აზრი არ აქვს. რაზე მელაპარაკებით დიანა, მორალი და ზნეობა თუ არ გააჩნია ადამიანს რომელ ჩივილზეა საუბარი... თამარ ჩიხლაძეს მორალური უფლება არ აქვს მე სადმე მიმიწვიოს", — ასე უპასუხა მან დიანა ტრაპაიძეს, რომელმაც ურჩია, რომ შეთანხმებულ თემაზე ესაუბრა, თამარ ჩიხლაძისთვის კი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ეჩივლა ან მის გადაცემაშივე მისულიყო.

ანრი ოხანაშვილის კრიტიკას გამოეხმაურა ტელეწამყვანი და TV პირველის დირექტორი, ინგა გრიგოლია.

"ვის უწუნებთ ბატონო ანრი და ბატონო ხელისუფლებავ მორალსა და ზნეობას თამარ ჩიხლაძეს, რომელიც მართლა ვარსკვლავია ქართული ჟურნალისტიკის თავისი ღირსებით, თავისი პროფესიონალიზმით, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების უმაღლესი ხარისხით", — განაცხადა გრიგოლიამ დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში.

მან ოხანაშვილს განუმარტა, თუ რატომ მიიწვიეს ის რესპონდენტი ეთერში, რომელიც მას ემუქრებოდა და გააკრიტიკა იმის გამო, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ერევა. გრიგოლიამ მაყურებელს გაახსენა შემთხვევები, როცა სამთავრობო გუნდის წევრები ტელეკომპანია პირველს უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ და ის ფაქტიც, რომ შსს-ს ამ დრომდე არ გამოუძიებია TV პირველის ჟურნალისტებზე თავდასხმა, რომელიც ოცნების აქცია-კონცერტზე მოხდა.