საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი გიორგი მგელაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის დეპუტატი ანრი ოხანაშვილი გასცდა თავის უფლებამოსილებას, როცა ტელეკომპანია პირველის წამყვანებს იმის სწავლება დაუწყო, თუ როგორ უნდა იმუშაონ. მისი თქმით, მსგავსი ფრაზებით და ტონით ჟურნალისტებთან საუბარს არც ერთი ხელისუფალი არ უნდა ბედავდეს.

"ბატონი ოხანაშვილი გასცდა თავის უფლებამოსილებას, როცა მიუთითა კონკრეტულ წამყვანს, თუ როგორ უნდა გააშუქოს ეს თემა, ვინ უნდა მოიწვიოს, რა ფორმატში უნდა გააშუქოს, სად ჩავიდეს და რომელი პირი უნდა ჩაწეროს. მით უფრო, როცა ამას აკეთებს შეურაცხყოფელი ფრაზებით... ხელისუფლებას უნდა ჰქოდნეს უფრო მეტი მიმღებლობა კრიტიკული პოზიციების მიმართ", — განაცხადა მან ტელეკომპანია პირველის ეთერში.

ანრი ოხანაშვილი დღეს, 12 თებერვალს დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში იყო მიწვეული ევროპელი საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას პატიმრობის განსახილველად, თუმცა ამის ნაცვლად ტელეკომპანიის ეთერში აქამდე გასული გადაცემის კრიტიკა დაიწყო და ტელეწამყვან თამარ ჩიხლაძეს უპასუხისმგებლო ჟურნალისტი და ამორალური ადამიანი უწოდა.

ოხანაშვილის გაღიზიანება მოყვა ჩიხლაძის ადრინდელ გადაცემას, რომელშიც სტუმრად მიწვეული იყო პირი, რომელსაც დეპუტატი ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებდა. ამავე გადაცემაში ოხანაშვილიც იყო მიწვეული, თუმცა არ მივიდა, რადგან ეს შეურაცხმყოფელად მიიჩნია. დღევანდელ ეთერში მან ტელეკომპანია პირველს შესთავაზა გეგმა, თუ როგორ უნდა გაეშუქებინათ მისი საქმე "ობიექტურად".

"მორალი და ზნეობა არის უპირველესი ღირებულება, რაც ადამიანს უნდა გააჩნდეს რა პროფესიაშიც არ უნდა იყოს და როდესაც ამ სტანდარტს და ღირებულებას გადაუხვევ იქ ჩივილს აზრი არ აქვს. რაზე მელაპარაკებით დიანა, მორალი და ზნეობა თუ არ გააჩნია ადამიანს რომელ ჩივილზეა საუბარი... თამარ ჩიხლაძეს მორალური უფლება არ აქვს მე სადმე მიმიწვიოს", — ასე უპასუხა მან დიანა ტრაპაიძეს, რომელმაც ურჩია, რომ შეთანხმებულ თემაზე ესაუბრა, თამარ ჩიხლაძისთვის კი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ეჩივლა ან მის გადაცემაშივე მისულიყო.

გარდა ამისა, დეპუტატი ასწავლიდა ტრაპაიძეს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ობიექტური ჟურნალისტი და მასაც აკრიტიკებდა იმის გამო, რომ კოლეგის საქციელზე "მორალურ პასუხისმგებლობას" არ გრძნობდა.

ვახტანგ რობაქიძესა და ანრი ოხანაშვილს შორის ინციდენტი 14 იანვარს ბაკურიანში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რობაქიძემ ქართული ოცნების დეპუტატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.

რობაქიძე ამავე დღეს დააკავეს პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის მას სამდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ვახტანგ რობაქიძემ პოლიცია ძალადობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, პოლიციამ მუცლის არეში დაარტყა ხელი მაშინ, როცა მას ალკოჰოლურ თრობაზე ამოწმებდნენ.პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო. საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.

19 იანვარს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით რობაქიძეს 7 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, რასაც ადვოკატი შერჩევით სამართალს უწოდებს. მისი თქმით, მსგავს საქმეებზე სხვა შემთხვევებში გირაოს რაოდენობა 2 ათას ლარს არ აღემატება.