პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი TV პირველის წამყვანს, დიანა ტრაპაიძეს ურჩევს, რომ უგულავას საქმეზე "პასუხების მისაღებად" სამართალმცოდნე დავით ჯანდიერის ნაცვლად მეორე კურსის სტუდენტები ჩაწერონ.

დავით ჯანდიერი ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჯანდიერი სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატი იყო. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლოში ჯანდიერმა დეკანოზ გიორგი მამალაძის სახელით 2019 წელს საჩივარი შეიტანა.

TV პირველის გადაცემა დღის ამბებში დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიგი უგულავას საქმეზე საუბრობდა. გადაცემის წამყვანმა, დიანა ტრაპაიძემ კი იკითხა, ხომ არ იყო ოპოზიციონერის მიმართ დარღვეული სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან უზენაეს სასამართლოს მოსამართლე შალვა თადუმაძე სააპელაციო სასამართლოში უგულავას საქმის განხილვისას გენერალური პროკურორი იყო.

ანრი ოხანაშვილი: თქვენ მოიკითხე სტრასბურგის სასამართლო სტანდარტი? იცით სტრასბურგის სასამართლო სტანდარტი იმ შემთხვევაში თუ კი შესაძლებელია, რომ ადამიანი იყოს პროკურორი და შემდეგ გახდეს პროკურორი?..

დიანა ტრაპაიძე: დავით ჯანდიერი საუბრობდა, რომ არსებობს...

ოხანაშვილი: დავით ჯანდიერი ობიექტურ ექსპერტად მოგყავთ? დავით ჯანდიერი და მსგავსი ადამიანები არიან კოლექტიური ბათუ ქუთელიები...

ტრაპაიძე: თქვენ მითხარით ობიექტური ექსპერტი ვინაა და მასთან მოვიკითხავთ.

ოხანაშვილი: ჟურნალისტი გაუშვით აკრედიტირებულ სასწავლებლებში და მეოთხე-მესამე კურსის სტუდენტები ჩაწერონ მხოლოდ, თუ გინდა მეორე კურსის სტუდენტი. ნუ დასდევთ ჯანდიერს, მარტო მის პოზიციებს ნუ აჟღერებთ. ჩაწერეთ ნებისმიერი მესამე-მეოთხე კურსის სტუდენტი და პასუხს მიიღებთ. ეს არის ობიექტური გამოკვლევა. როგორც ჩანს, ეს არ გინდათ.

ტრაპაიძე: ბატონო ანრი, აკვირდებით, რომ სტუმრების შერჩევის, ვინ ჩავწეროთ, რა არის ობიექტურობა, რა არის სამართლიანობა, უკვე აკვირდებით, რომ რა ღრმად იჭრებით ჩვენი სარედაქციო პოლიტიკის გარჩევისას და როგორი ტიპის...

ოხანაშვილი: არა, არა...

ტრაპაიძე: დააკვირდით, აბა, ცოტა გარედან შეხედეთ.

ოხანაშვილი: ახლა ისიც არ მომაწეროთ, რომ მე გინსაზღვრავთ თქვენს სარედაქციო პოლიტიკას, რაც კიდევ ერთი აბსურდი იქნება.