The Hunt (ნადირობა) კინომწარმოებელი კომპანიების, Universal-ისა და Blumhouse-ს საერთო პროდუქტია, რომელიც ერთდროულად პოლიტიკური სატირა, თრილერი და საშინელებათა ჟანრის ნიმუშია.

ფილმი დისტოპიური რეალობის შესახებ მოგვითხრობს: თორმეტი ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანი უცხო გარემოში იღვიძებს და მათ წარმოდგენა არ აქვთ როგორ აღმოჩდნენ იქ ან რა ხდება მათ თავს. მოგვიანებით აღმოაჩენენ, რომ ისინი უბრალოდ სპორტის ატრიბუტები არიან: ელიტარული ჯგუფი ამერიკის რიგით მოქალაქეებზე გასართობად ნადირობას იწყებს.

ფილმის პრემიერა გასულ სექტემბერს უნდა შემდგარიყო, თუმცა ტეხასის, ოჰაიოსა და კალიფორნიის შტატში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმების შედეგად დაღუპული ათეულობით ადამიანის გამო კინოთეატრებში ფილმის გამოსვლა გადაიდო.

ფილმმა პირველი ტრეილერის გასვლისთანავე კონტროვერსული შეფასებები დაიმსახურა. მათ შორის, ის გააკრიტიკა აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა:

"ლიბერალური ჰოლივუდი რასისტულია თავისი უზარმაზარი ზიზღითა და სიბრაზით. ისინი თავს "ელიტას" უწოდებენ, თუმცა ასე სულაც არ არის. მეტიც, ხშირად სწორედ იმის საწინააღმდეგოს წარმოადგენენ, რაც შეიძლება ელიტა იყოს. მალე ფილმი გამოდის, რომლის მიზანიც ხალხის გაღიზიანება და ქაოსის გამოწვევაა. ისინი იწვევენ ძალადობას, რათა შემდეგ სხვას გადააბრალონ ეს. აი, ნამდვილი რასისტები, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისთვის ზიანი მოაქვთ", — ვკითხულობთ პრეზიდენტის ოფიციალური ტვიტერის პირად ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ამ ტვიტის გამოქვეყნებიდან მალევე ფილმის გამოსვლის თარიღი მართლაც გაურკვეველი ვადით გადაიდო, რის გამოც ამერიკაში ცენზურის პრობლემაზე ალაპარაკდნენ, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ Universal-მა დააანონსა, რომ ფილმს წელს ვიხილავთ. ეს სიახლე Vanity Fair-მა ამ სათაურით დააანონსა: "ტრამპს არ უთხრათ, მაგრამ ნადირობის პრემიერის თარიღი უკვე ცნობილია".

ტრეილერთან ერთად გავრცელდა ფილმის ახალი პოსტერიც, რომელზეც შემდეგ ტექსტს ვკითხულობთ: "ფილმი, რომელზეც ყველაზე მეტს საუბრობენ, თუმცა ის ჯერ არავის უნახავს".

The Hunt გახმაურებული სერიალის, The Leftovers-ის რეჟისორმა, კრეიგ ზობელმა გადაიღო, სცენარზე კი ასევე The Leftovers-ისა და Watchmen-ს შემქმნელებმა, დეიმონ ლინდელოფმა და ნიკ კიუზმა იმუშავეს.

ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 13 მარტს შედგება.