ღონისძიება Unpacked ჩვენი დროით საღამოს 11 საათზე დაიწყო. პირველივე ნივთი, რომელიც სცენაზე მაყურებლის წინაშე გამოჩნდა, ახალი Z-Flip-ია.

ეს სამსუნგის მეორე დასაკეცი სმარტფონია. ის განსაკუთრებული იმითაა, რომ მისი ეკრანი არა პლასტმასისგან (როგორც ეს სხვა დასაკეცი სმარტფონების შემთხვევაში ხდება), არამედ მინისგანაა დამზადებული.

ეკრანის ზომა გაშლილ მდგომარეობაში 6,7 ინჩს შეადგენს. სმარტფონი სამ ფერში გამოვა, სარკისებური ოქროსფერი, სარკისებური იასამნისფერი და სარკისებური შავი.

Galaxy Z Flip-ს გარედან მეორე, პატარა 1,1-ინჩიანი ეკრანი აქვს და დაკეცილ მდგომარეობაში მასზე შეტყობინებებს მიიღებთ. ხოლო თუ ეკრანს თითს დაადებთ და სმარტფონს ამის შემდეგ გახსნით, შესაბამისი აპლიკაცია უკვე მზადყოფნაში დაგხვდებათ.

მეორე ეკრანის გამოყენება მთავარი კამერით ფოტოების გადასაღებლადაცაა შესაძლებელი. ასევე უნდა ვთქვათ ისიც, რომ სმარტფონი ნებისმიერ პოზიციაში ჩერდება და თავისით არ იკეცება. ეს კი ერთდროულად სხვადასხვა რამის კეთების საშუალებას იძლევა — გადაკეცილი ეკრანის ზედა ნაწილზე შეგიძლიათ ვიდეოს უყუროთ, ქვედა ნაწილით კი, მაგალითად, კომენტარი დაწეროთ.

სამსუნგის წარმომადგენლის განცხადებით, Z Flip-ის მფლობელები უფასოდ მიიღებენ Youtube Premium-ს, რაც ნამდვილად კარგი პლიუსია, თუმცა ის ჩვენს რეგიონზე სავარაუდოდ არ იმუშავებს.

Z-Flip 183 გრამს იწონის, მას 8GB ოპერატიული მეხსიერება და 8-ბირთვიანი პროცესორი აქვს.

სმარტფონი გაყიდვაში 14 თებერვალს ჩაეშვება და მისი ფასი $1 380 დოლარი იქნება. სამსუნგი გვპირდება, რომ ის 200 000 გადაკეცვას გაუძლებს.