მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, მოსამართლემ მის საქმეზე პროცესები ყოველ მეორე დღეს ჩანიშნა, არგუმენტით, რომ "ეს პროცესი მისთვის პრიორიტეტულია". ამის შესახებ გვარამიამ დღეს, 11 თებერვალს პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა:

"ყოველ მეორე დღეს პროცესების ჩანიშვნა ნიშნავს მარტივ რამეს: ამ მოსამართლემ მე ახლა ამგვარი გრაფიკით ეფექტიანად ამიკრძალა ტელეკომპანია მთავარის დირექტორობა, ანუ ყოველ მეორე დღეს რომ პროცესია, მე წინა დღით უნდა გავეცნო მასალებს, შეკითხვები დავსვა, ვიცოდე და მზად ვიყო. შესაბამისად, მე მთელი თებერვალი სამსახურში არ უნდა ვიარო. ეს გამორიცხულია. არჩევანს ვაკეთებ ტელეკომპანია მთავარის სასარგებლოდ.

მე შემიძლია კვირაში ერთი დღე დავუთმო პროცესს, მეტი მე არ მაქვს. მე არ მოვალ ამ პროცესებზე, ჩემ გარეშე ეს პროცესები ვერ ჩატარდება. არ ვაპირებ, ცნობა მოვიტანო და "ავად ვარ მიშველე" ვიყვირო. თუ უნდათ შეცვალონ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით. პატიმრობაში ჯდომა მირჩევნია, რასაც ახლა ეს კაცი მთავაზობს. პატიმრობაში გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს".

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება პროკურატურამ 20 ივლისს დაიწყო. საქმე ეხება ბრალდებას ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ. კერძოდ, ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებიან. მას, ასევე, ბრალად ედება ფულის გათეთრება.

11 აგვისტოს რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 40 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა.