რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს თქმით, ევროსაბჭოს მინისტერიალში მონაწილეობას "ყველა ფაქტორის" გათვალისწინების გადაწყვეტენ. მინისტერიალი გაზაფხულზე თბილისში უნდა ჩატარდეს.

RIA-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუდენკო "პროვოკაციულს" უწოდებს ქართული ოპოზიციის მოთხოვნას, რომ მინისტრმა სერგეი ლავროვმა მინისტერიალში მონაწილეობა არ მიიღოს და ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები "მათ ადარდებთ".

"ჩვენ უფრო მეტად თბილისის ოფიციალურ პოზიციაზე ვორიენტირდებით. გამოვდივართ იქიდან, რომ ევროსაბჭოს ყველა წევრმა სახელმწიფომ თავისი საერთაშორისო ვალდებულებები უნდა შეასრულოს. ვიმედოვნებთ, რომ ასე მოიქცევა საქართველოს ხელისუფლებაც. რაც შეეხება ევროსაბჭოს მინისტერიალში რუსეთის მონაწილეობის დონეს, ამასთან დაკავშირებით მოსკოვში გადაწყვეტილებას ყველა ფაქტორის გათვალისწინებით მიიღებენ", — განაცხადა რუდენკომ.

საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ, 14-15 მაისს ევროსაბჭოს მინისტერიალს უნდა უმასპინძლოს. მინისტერიალის ფარგლებში შესაძლოა, რომ ქვეყანას რუსეთის დელეგაციის ისეთი წევრებიც ესტუმრონ, რომელთაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი აქვთ დარღვეული, მათ შორის შესაძლოა იყოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც.

ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ოკუპაციის შესახებ კანონის გვერდის ავლით აპირებს, რომ რუსეთის დელეგაციის ისეთ წევრებს უმასპინძლოს, რომელთაც შესაძლოა ეს კანონი დარღვეული ჰქონდეთ.

ამავე თემაზე: