ლიტერატურის კრიტიკოსი და ჟურნალისტი, ქონსთენს გრეიდი, Vox-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წიგნების წმინდა ნივთებად შერაცხვის უკან მდგარ ლოგიკას განიხილავს და ამტკიცებს, რომ სინამდვილეში ისინი, უბრალოდ, ინფორმაციის მიწოდების ერთ-ერთ გზას წარმოადგენენ.

ერთ ორშაბათ დილით თითქოსდა არაფრით გამორჩეულმა პოსტმა ტვიტერზე წინააღმდეგობების ქარიშხალი გამოიწვია.

"გუშინ ჩემმა კოლეგამ წიგნის მკვლელი მიწოდა, რადგან დიდი ზომის წიგნებს შუაზე ვჭრი, უფრო მოსახერხებელი წასაკითხი რომ გახდნენ", — ეწერა ნოველისტს და რედაქტორს, ალექს ქრისტოფს, — "კიდევ ვინმე აკეთებთ ასე? თუ მარტო მე ვარ?".

პასუხები სხვადასხვაგვარი იყო.

ზოგიერთი კომენტარი ნამდვილად გადაჭარბებულ ემოციას გამოხატავდა. მათი ავტორები ქრისტოფის საქციელს "დემონურს" უწოდებდნენ, ხოლო თვითონ ქრისტოფს — "წიგნის ფსიქოფატს". თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომელთაც გაცილებით მოზომილი პოზიცია ჰქონდათ. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ქრისტოფს, რა თქმა უნდა, შეეძლო, ისე მოქცეოდა საკუთარ წიგნებს, როგორც მოესურვებოდა, მაგრამ ემოციურად მათთვის მაინც რთული იყო შუაზე გადაჭრილი წიგნების ხილვა.

გადაჭარბებული შეფასებები და ემოციური კონფლიქტები სოციალური ქსელისთვის უცხო ნამდვილად არ არის. და როგორც კი ვინმე ახსენებს, რომ წიგნებს როგორც უბრალო ფიზიკურ საგნებს, ისე უნდა შევხედოთ, მსგავსი დისკუსიები მაშინვე იჩენს ხოლმე თავს.

როდესაც მარი კონდომ შემოგვთავაზა, თავიდან მოგვეშორებინა წიგნები, რომლებიც ჩვენში სიხარულს არ იწვევდა, წიგნის მოყვარულები მაშინაც აღშფოთდნენ: "ნუთუ, კონდომ არ იცის, რომ საუკეთესო წიგნებს იმაზე მდიდარი ემოციების გაღვიძება შეუძლია ადამიანში, ვიდრე სიხარულია?!" და როდესაც მოდაში თაროზე წიგნების ფერების მიხედვით დალაგება შემოვიდა, ზოგმა გესლიანად აღნიშნა, მსგავსი ქცევა იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანს წიგნები კი არ უყვარს, არამედ მათ სხვების დასანახად აგროვებს და დეკორაციად იყენებსო; მსგავსთა რწმუნებით, ნამდვილი მკითხველები, რომელთათვის წიგნის ღირებულება მისი შინაარსით განისაზღვრება, არასდროს დაალაგებდნენ მათ ასე კონტრინტუიციურად.

თაროებზე წიგნების ფერების მიხედვით დალაგება რამდენიმე წელია, რაც მოდაში შემოვიდა.

ფოტო: Michael J Lee

ეს რეაქცია კიდევ უფრო გამწვავდა, როცა რაღაც ხნით თაროებზე წიგნების ყუით კედლისკენ დალაგებაც გახდა ტრენდული. მოგვიანებით კი ჟურნალმა, Town & Country, გაავრცელა ინფომრაცია, რომ ზოგიერთ ცნობილ ადამიანს დაქირავებული ჰყავს წიგნების კურატორი, რომლის მოვალეობაც სწორედ წიგნის თაროების მიმზიდველად მოწყობაა. "კურატორი არა მხოლოდ თქვენს თაროს გადაასხვაფერებს, არამედ 5 კილომეტრის რადიუსში მყოფ ყველა ბიბლიოფილსაც დააკარგვინებს სახეზე ფერს", — წერს ამ თემაზე ჟურნალი Cracked, — "მსგავსი კურატორების მდიდარი და არც თუ ნაკითხი დამქირავებლების წიგნები არასოდეს დადგებიან ლამაზ-ლამაზი ყდების გაცვეთის საშიშორების წინ".

საკუთარი ყურით მოსმენილ ამბებზე დაყრდნობით ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ადამიანების უმეტესობა წიგნს უყურებს როგორც წმინდა და ხელშეუხებელ ნივთს. და როდესაც მე, წიგნის კრიტიკოსმა და საგამომცემლო ინდუსტრიაზე მომუშავე ჟურნალისტმა, პროფესორ ჰანა მაკგრეგორის ნაშრომს გავუწიე რეკომენდაცია და ვთქვი, რომ ცოტა უცნაურია ადამიანების მიერ წიგნების გაფეტიშება, ზოგიერთმა მკითხველმა მირჩია: "გთხოვ, თავი მოიკალი", რადგან "შენი ნააზრევი ანტიინტელექტუალურია, შე უვიცო ბოზოო".

როგორც ჩანს, ჩვენ წიგნებთან ძალიან ინტიმურ კავშირს ვამყარებთ და სწორედ ამ ემოციების გამო ვიცავთ მათ და ვუტევთ ყველას, ვინც გვგონია, რომ მათ წინააღმდეგ ილაშქრებს. ჩვენ საყვარელ წიგნს აღვიქვამთ როგორც ჩვენი გემოვნების, ინტელექტის და მორალური ღირებულების სიმბოლოს. შესაბამისად, როდესაც ამხელა დატვირთვას ვძენთ მათ, ყველას, ვინც კი წიგნებს ისე ექცევა, როგორც არა საკრალურს, არამედ რიგით ფიზიკურ ნივთებს, მწვალებლებად ვნათლავთ.

წიგნებისადმი მოკრძალებული დამოკიდებულების ჩამოყალიბება მეთვრამეტე საუკუნეში დაიწყო და ფურცლის მრეწველობის ინდუსტრიალიზაციას უკავშირდება.

მართლაც, არის რაღაც ღრმად რომანტიკული წიგნის ხელში პყრობაში: მისი წონის, ფურცლების სიფაქიზის და, რაც მთავარია, სუნის შეგრძნებაში. წიგნის სურნელი პოპკულტურაში ერთგვარ კლიშედაც კი იქცა: თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სანთლები ან სუნამოები, რომლებიც შეძლებისდაგვარად იმეორებენ წიგნის სურნელს; სერიალის ან ფილმის ის გმირები კი, რომელთაც კითხვა უყვართ, თავიანთ ამ გატაცებას წიგნის სურნელზე პოეტური, მაღალფარდოვანი საუბრებით უსვამენ ხაზს.

"წიგნს სიძველის მდიდრული სურნელი აქვს", — ამბობს გაილსი, ბიბლიოთეკარი სერიალიდან ბაფი — ვამპირების გამანადგურებელი, — "თუ ამას გაგრძელება უწერია, მაშინ ცოდნის მიღება ხელშესახები უნდა გახდეს. ის უნდა იყოს, მმ... სურნელოვანი".

"არაფერს, არაფერს აქვს მსგავსი სურნელი", — აღმოხდება რორის სერიალიდან, გილმორის გოგოები, როდესაც მკლავებში მოქცეული უზარმაზარი, ტყავისყდიანი წიგნის ფურცლებიდან წამოსულ არომატს ჩაისუნთქავს.

მაგრამ, მოდით, სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ. წიგნის სურნელს არანაირი კავშირი არ აქვს მის შინაარსთან. მას არანაირი მორალური ფუნქცია არ გააჩნია; ეს, უბრალოდ, ქაღალდის სუნია. მაგრამ როდესაც ჩვენ წიგნს ვკითხულობთ და უშუალოდ მის ფურცლებს ვეხებით, ავტომატურად ეს სურნელი ყველა იმ დადებითი ემოციის ფიზიკურად შეგრძნობილ გამოცდილებად გარდაიქმნება, რომელსაც კითხვისას ვიღებთ. და თუ ჩვენ კითხვას — ნებისმიერი წიგნის ნებისმიერი სახის კითხვას — არსებით და ობიექტურ სიქველედ განვიხილავთ, მაშინ წიგნი, როგორც საგანი, ასევე უპირობო სიკეთედ გარდაიქმნება. და ამგვარად, მისი სუნი — ანუ წიგნის ის ასპექტი, რომელიც ყველაზე ხელშესახებია — ასოციაციურად იძენს ღირებულებას.

ზოგი მიიჩნევს, რომ წიგნების ყუით კედლისკენ დალაგება თაროებს მეტ მომხიბვლელობას სძენს.

ფოტო: Jessica Ruscello / Unsplash

იმ ესეში, რომელმაც ადამიანები შთააგონა, სიკვდილით დამმუქრებოდნენ, მაკგრეგორი აღნიშნავს, რომ ეს გაზვიადებული დამოკიდებულება წიგნის მიმართ მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს დაწყებული ქაღალდის წარმოების ინდუსტრიალიზაციიდან და, შედეგად, ადამიანთათვის ხელმისაწვდომი წიგნების ბაზრის შექმნიდან იღებს სათავეს. ეს ბაზარი, წერს მაკგრეგორი, "წიგნების გაანთროპომორფიზებაში იყო დაინტერესებული, რათა ეს ნივთები 'ცოცხალი სამყაროს' ნაწილნი გამხდარიყვნენ და ადამიანებს შეძლებოდათ მათი შეყვარება (მათი შეძენის გზით)".

მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების განმავლობაში საშუალო ფენის ამერიკელებში წიგნიერი ადამიანი თანდათანობით ღირსეულ პიროვნებასთან გახდა ასოცირებული. "იყო მკითხველი უკეთესია, ვიდრე იყო არა-მკითხველი", — აჯამებს მაკგრეგორი, — "თანაც ყველა სახის კითხვა ან წიგნი ერთნაირად კარგია". და რადგან კითხვა კარგია, შესაბამისად, მასთან დაკავშირებული ყველა ნივთი — კალმები, წიგნის სანიშნეები, ჩაი, სანთლები და კიჩური ციტატებით გაფორმებული ნაჭრის ჩანთებიც — ავტომატურად აღიქმება სასურველად. და, რაღა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ცენტრი, თავად წიგნი, მხოლოდ იმიტომ იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და იმსახურებს გამორჩეულ პატივისცემას, რომ ის წიგნია.

წიგნი საოცრად მოქნილი ტექნოლოგიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ისე შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც მოგესურვებათ.

მაგრამ იდეა, რომ კითხვა არსებითად მორალური სიქველეა, კრიტიკას ვერ უძლებს. აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც ავტორია და მისი წიგნების ყიდვა, კითხვა და სურნელის შეგრძნება ზუსტად ისევე შეიძლება, როგორც ტონი მორისონის ტექსტების. მაგრამ ამ წიგნებს ჩვენთვის ერთმანეთის საპირწონე სიკეთე არ მოაქვთ — არც მორალურად და არც ინტელექტუალურად. ტრამპის იდეები სასწაულებრივად არ იქცევა მეტად თანმიმდევრულ ან ღირებულ აზრებად, როცა ისინი ტვიტერის გვერდის ნაცვლად, წიგნის ყდაში არიან მოქცეულები. წიგნი შინაარსის გადამცემი ნეიტრალური იარაღია, შინაარსი კი კარგიც შეიძლება იყოს და ცუდიც.

ცუდად არ გამიგოთ: ამ ყველაფერს იმ ადამიანის პოზიციიდან ვამბობ, რომელმაც მთელი თავისი პროფესიული ცხოვრება წიგნებს დაუთმო; რომელსაც ძალიანაც მოსწონს კიჩური ნაჭრის ჩანთები და არაერთი წიგნის ფურცლის სუნი შეუსუნთქავს. მე მშვენივრად მესმის, რაშია წიგნის ხიბლი.

მაგრამ მე იმასაც ვაღიარებ, რომ წიგნების სიყვარული ავტომატურად არ მაქცევს კარგ ან ჭკვიან ან განსაკუთრებულ პიროვნებად. ჩემი მათდამი დამოკიდებულება არ წარმოადენს უნიკალურ თვისებას, რომელიც ჩემს მაღალმორალურობას ამტკიცებს. უფრო მეტიც, ნამდვილად არ ღირს, რომ ამ ჩემი გატაცების გარშემო ავაგო ჩემი იდენტობა. ასევე არაფრისმთქმელი იქნებოდა ის ფაქტი, მე თაროებზე წიგნების დალაგებას ყუებით კედლისკენ, ჟანრების მიხედვით თუ გამოცემის წელის თანახმად ვარჩევ. ყველა მსგავსი გადაწყვეტილება ნეიტრალური ღირებულებისაა.

ფოტო: Henry Be / Unsplash

აი, რისი თქმა შემიძლია წიგნის როგორც ფიზიკური ნივთის ღირსებათა შეახებ: საბეჭდი ქაღალდებისგან აწყობილი წიგნი, რომელიც ხელში გვიჭირავს და რომელმაც გრაგნილები დასავლეთში ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე საუკუნეში ჩაანაცვლა, ძალიან, ძალიან ძველი ტექნოლოგიაა. თანამედროვე სამყაროს ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გადაუწყვიტავს, რამდენად მოსწონს ელექტრონული წიგნები. აი, ფიზიკურმა წიგნმა კი გამოსაცდელი პერიოდი დიდი ხნის წინ გაიარა. მის ხარვეზთა უმრავლესობა ბოლო 17 საუკუნის განმავლობაში წარმატებით გამოსწორდა და შედეგად ის საოცრად მოსახერხებელ, ინტუიციურ ფორმატად ჩამოყალიბდა.

ამ ფორმატის ღირებულების მთავარი განმსაზღვრელი კი ისაა, რომ წიგნი მოქნილი ტექნოლოგიაა. ცალკეულ ადამიანს შეუძლია, ისეთი ფორმა მისცეს მას, როგორიც მის საჭიროებებს მაქსიმალურად დააკმაყოფილებს.

შენ შეგიძლია, პირდაპირ ეურთიერთო ტექსტს: ჩაკეცო ფურცლის კუთხე, ჩაამატო შენი კომენტარები, გახაზო ან გააფერადო შენთვის მნიშვნელოვანი ეპიზოდები. შენ შეგიძლია, ორად გაყო წიგნი, რათა სატარებლად მოსახერხებელი იყოს. უფრო მეტიც, შენ შეგიძლია, წიგნები დეკორაციად გამოიყენო; დაალაგო ისინი ფერების მიხედვით ან მათი ყდებისგან კოლაჟები შექმნა. შეგიძლია, ამოხიო გვერდები და შპალერად გამოიყენო. და თუ მოგინდება, რომ ხალხი კიდევ უფრო გააბრაზო, შეგიძლია, წიგნი დაანაწევრო და შემდეგ ეს ნაწილები დაალაგო ფერების მიხედვით.

ამ არჩევანთაგან არც ერთია ამორალური — და ყველა მათგანი გამოხატავს იმას, რომ შენ დაბეჭდილი წიგნის წარმოუდგენელ მოქნილობას მაქსიმალურად იყენებ. შესაძლოა, მისი სწორედ ეს შესაძლებლობები იყოს კიდეც წიგნის გარომანტიზების ღირსეული მიზეზი.