ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) დეკანოზ გიორგი მუმლაძისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ დეკანოზის სასჯელის გადავადება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე უნდა მოხდეს.

EMC-ის განმარტებით, 2019 წლის თებერვლიდან დეკანოზი პენიტენციური სამსახურის #18 სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობს, მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მდგომარეობის გაუარესების შემდეგ მამალაძე დისოციაციური მოტორული აშლილობა დაუდგინდა, რაც კომპლექსურ თერაპიულ მკურნალობას ითხოვდა. თუმცა, პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, მამალაძე ღუდუშაურის კლინიკიდან რამდენიმე დღეში მოულოდნელად #18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც EMC-ში ამბობენ, რომ დეკანოზი ადეკვატურ მკურნალობას ვერ იღებს და არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, სპეციალური პენიტენციური სამსახური სათანადო ზომები არ მიიღო:

"გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მისთვის კვლავ პრობლემას წარმოადგენს ადეკვატური ფსიქოთერაპიის წარმართვა, რამდენადაც იგი 24 საათიანი აუდიო-ვიდეო მონიტორინგის ქვეშ იმყოფება და ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის კონფიდენციალურობის დაცვის არარსებობის პირობებში, შეუძლებელია ფსიქოთერაპიის სერვისის მიღება".

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს დამოუკიდებელი ექსპერტების 2019 წლის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, მამალაძის პარალიზებულ კიდურებზე ციანოზური ელფერი და ატროფიის ნიშნები აღინიშნება და საჭირო მკურნალობის მიუღებლობის შემთხვევაში, ინვალიდიზაციის სერიოზული რისკი არსებობს. გარდა ამისა, დასკვნაში აღნიშნულია, რომ საპატიმრო პირობები დეკანოზის ტრავმის მასტიმულირებელი გახდა.

EMC-ში მიაჩნიათ, რომ გიორგი მამალაძეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ, უსაფრთხო, მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიტაროს ადეკვატური მკურნალობა და მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების დაუბრუნდეს საპატიმრო დაწესებულებას.