პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნებიდან წამოსული თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ გიგი უგულავასთვის პატიმრობის მისჯის შემდეგ შეუძლებელია ოპოზიციასა და მთავრობას შორის რაიმე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამ მოკლა ყველა შანსი.

"ერთი არის სისხლის სამართლის საქმე და დეტალები ამ საქმის, მაგრამ მეორე არის რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული არის მაშინ, როცა ოპოზიცია და ხელისუფლება მოლაპარაკებების რეჟიმში იყო. ბუნებრივია, ყველა აცნობიერებს იმას, რომ ამით ფაქტობრივად დასრულებულია მოლაპარაკებები და ამ ფონზე თითქმის შეუძლებელია რაიმე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა", — განუცხადა მან ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩის მიღების დატოვების შემდეგ.

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას სამწლიანი პატიმრობა შეუფარდა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებებს წყვეტენ და პროტესტის რეჟიმზე გადადიან.

თბილისის ყოფილ მერსა და ოპოზიციის პატიმრობაში ყოფნა ისევ 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით მოუწევს. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადა. საკასაციო საჩივარი ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და ახლადარჩეულმა მოსამართლემ შალვა თადუმაძემ განიხილა. მასთან ერთად შემადგენლობაში იყვნენ მოსამართლეები, მერაბ გაბინაშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს, რაზეც გიგი უგულავა და მასთან ერთად ბრალდებული 4 პირი 2018 წლის თებერვალში დამნაშავედ სცეს. გიგი უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.

2018 წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და მასთან ერთად ბრალდებული ოთხი პირი, ე.წ. ფონდების საქმეში დამნაშავედ ცნო. უგულავას მიუსაჯეს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა. მას სასჯელი მოხდილად ჩაეთვალა.

ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ თბილისის მერმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიგი უგულავამ მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა: "თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი თანხით 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად".

გაიგეთ მეტი: