ლეიბორისტების პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ევროპულმა საქართველომ თავისი ინიციატივა წარადგინა. პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს უთხრა, 2 საკითხი განიხილეს, მათ შორის, თუკი დარჩება არსებული საარჩევნო მოდელი და მათ მიერ წარდგენილი პრინციპი:

"ერთი — თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებზე კოორდინაციის აქტიურ ფაზაში გადავიდეთ, ეს იმ შემთხვევისთვის, თუ გვაქვს ცუდი სცენარი და გვაქვს დღევანდელი სისტემა. მეორე — ჩვენ დავსვით საკითხი, რომ უნდა შევთავაზოთ კიდევ ერთი კომპრომისული წინადადება, რომ ავიღოთ მყარი პრინციპი: თუ პირველ ადგილზე გასულ პარტიას ექნება 40 პროცენტზე მეტი მხარდაჭრა, ასეთ შემთხვევაში, თუ მოიგებს ყველა დარჩენილ მაჟორიტარულ ოლქს, ჰქონდეს შანსი უმრავლესობის შექმნის. ეს შანსი მაჟორიტარების მოგებით უნდა განისაზღვროს. რიცხვებში ეს იქნება 130/20-ზე".

ბოკერიას თქმით, ევროპულმა საქართველომ ეს საკითხი დასვა, ახლა ჯერი პარტიების გადაწყვეტილებაზეა. მისი თქმით წინასწარი გამოხმარება პოზიტიურია.

თუ 40%-ზე მეტს აიღებს პარტიას, უნდა ჰქონდეს უმრავლესობის შანსი — ევროპული საქართველოს შეთავაზება

შეხვედრიდან გამოსულმა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ გიგა ბოკერიას წინადადება ჯერ პარტიაში უნდა განიხილონ, შემდეგ კი ლეიბორისტული პარტიის ოფისში.

დავით ბერძენიშვილი რესპუბლიკელებიდან ამბობს, რომ მათ ევროპული საქართველოს შეთავაზებას პოზიტიურად ხედავენ, თუმცა ეჭვობს, რომ მმართველი გუნდი ამ დათმობაზე წავა.

"პარტია თუ იგებს მაჟორიტარულ ოლქებს, მას 40 პროცენტზე მეტი უნდა ჰქონდეს. მსჯელობა მიდის და 130/20-ზე არის ერთ-ერთი შესაძლებლობა", — ამბოს, დავით ბერძენიშვილი.