ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც ასახულია 2015 წელს მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები. დოკუმენტი, ტრადიციულად, ეხება საქართველოსაც.

სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, 2015 წელს საქართველოში უმთავრეს პრობლემად რჩებოდა საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეების გატაცება რუსი სამხედროების მიერ, ასევე, მნიშვნელოვანი ხარვეზები სასამართლო ადმინისტრაციაში, ზეწოლა ცალკეულ სასამართლო საქმეებზე, მოსამართლეთა საეჭვო დანიშვნები, მთავრობის შეუსაბამო რეაგირება ძალადობასა და შეურაცხყოფაზე, არასრული გამოძიება, ეჭვმიტანილთა ნაადრევი დადანაშაულება და წინასწარი პატიმრობის არაპროპორციული გამოყენება. სახელმწიფო დეპარტამენტი არასაკმარისად აფასებს ხელისუფლების მცდელობას ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, ასევე, ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მიმართ.

ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება ნაადრევი ქორწინებები, ძალადობა ქალების წინააღმდეგ ოჯახში და აივ/შიდსით გამოწვეული სტიგმა

სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება აივ/შიდსით გამოწვეული სტიგმა, ნაადრევი ქორწინებები, ძალადობა ქალების წინააღმდეგ ოჯახში, ასევე, 2015 წელს იყო ცნობები ადამიანთა ტრეფიკინგის შესახებ. პრობლემების ნუსხაში მოხვდა იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობები, პოლიტიკური ზეწოლა დამოუკიდებელ ტელემაუწყებლებზე, ბრალდებები ელექტრონულ თვალთვალზე, სტანდარტებთან შეუსაბამო საცხოვრებელი პირობები პატიმრებისთვის, ძალადობა პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა.

სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიშში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო მედიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარების შეფასებას. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კონკრეტულ ინდივიდებს არ აქვთ შეზღუდული შესაძლებლობა, გამოხატონ საჯარო კრიტიკა ხელისუფლების მიმართ. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ არსებობს წუხილი ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხების მიმართ ზეწოლასთან დაკავშირებით. ანგარიშში ამის დასტურად ვრცლად არის მიმოხილული რუსთავი 2-ის გარშემო დაწყებული სასამართლო პროცესები, ასევე, ინგა გრიგოლიასა და ეკა მიშველაძის გადაცემების დახურვა, ზეწოლა ჟურნალისტებზე რეგიონებში და ა.შ.

როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, საქართველოში ინტერნეტი თავისუფალია, თუმცა, მაღალი ფასი და გაუმართავი ინფრასტრუქტურა მოსახლეობას არ აძლევს საშუალებას წვდომა ჰქონდეს ინტერნეტთან, ინფორმაციის ძირითადად წყაროდ კი ქვეყანაში კვლავ ტელევიზია რჩება.

ანგარიშის ნახვა ინგლისურ ენაზე სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.