გაცვლითი პროგრამები ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მსოფლიოში დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან საზღვარგარეთ განათლების მიღება კარიერულ წინსვლასთანაა დაკავშირებული, რასაც შესანიშნავი ცხოვრებისეული გამოცდილებაც ახლავს თან.

გაცვლითი პროგრამის სტუდენტები არა მხოლოდ განათლებას იღებენ, არამედ სწავლობენ დამოუკიდებლად ცხოვრებას, განსხვავებულ გარემოსთან ადაპტირებას, ეცნობიან სხვადასხვა ეროვნების ფასეულობას თუ კულტურას და გლობალურ გარემოში აგრძელებენ განვითარებას.

გაცვლითი პროგრამების სისტემა საქართველოშიც ხელმისაწვდომია. დღეს მრავალი ქართველი მოსწავლე და უნივერსიტეტის სტუდენტი განათლებას საზღვარგარეთ იღებს. ქვემოთ იმ რამდენიმე პროგრამაზე ვისაუბრეთ, რომლებიც საქართველოში მოქმედებს და ახალგაზრდებს ქვეყნის გარეთ სწავლის გაგრძელების შანსს აძლევს.

გაერთიანებული მსოფლიო კოლეჯები — UWC

უელსში მდებარე მეთორმეტე საუკუნის წმინდა დონატის სასახლე დღეს ატლანტიკის კოლეჯის სტუდენტების სასწავლო სივრცეს შეადგენს.

ფოტო: Sarah Savage

UWC გლობალური მოძრაობაა, რომელიც სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის კავშირების გაბმასა და მათთვის სტაბილური მომავალის შექმნას ისახავს მიზნად. ამის განსახორციელებლად UWC-ის მაგიურ იარაღს განათლება წარმოადგენს, რომლის წყალობით სხვადასხვა გამოცდილებისა და სოციალური სტატუსის მქონე ახალგაზრდებს შანსი ეძლევათ, თავი მოიყარონ მთელი მსოფლიოდან და ჩაერთონ სოციალურ ცვლილებებში.

UWC გერმანელმა განმანათლებელმა, კურტ ჰანმა, 1962 წელს სამხრეთ უელსში დააარსა. დღეს ეს სასწავლებელი ატლანტიკის კოლეჯის სახელითაა ცნობილი. პროგრამის სწავლების კონცეფცია მის მსოფლმხედველობას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც, სკოლა ადამიანს არა მხოლოდ უნივერსიტეტისათვის, არამედ ცხოვრებისთვისაც უნდა ამზადებდეს. ჰანის ხედვით, სწორედ ამ გზით მიღებული განათლება სძენს ადამიანს გამძლეობას, რადგან მას შანსი ეძლევა, წარმატებასთან ერთად წარუმატებლობაც გამოსცადოს.

ატლანტიკის კოლეჯის დაფუძნება ქვეყნებს შორის კონფლიქტის ეპოქას დაემთხვა, როცა გეოპოლიტიკური ვითარება ცივ ომში იყო გადაზრდილი. სასწავლებლის დაარსების მიზანს მშვიდობის მაძიებელი და სხვადასხვა ეროვნების მქონე ახალგაზრდების თავმოყრა წარმოადგენდა, რათა მათ ერთად მიეღოთ ისეთი განათლება, რომელიც საერთო ინტერესებზე, კოლაბორაციის პრინციპსა და ურთიერთგაგებაზე იქნებოდა დაფუძნებული. The Times-მა ამ ინიციატივას "მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ ყველაზე განსაცვიფრებელი საგანმანათლებლო ექსპერიმენტი" უწოდა.

UWC-ს კულტურული მრავალფეროვნების წარმომჩენი ამ კადრის ცენტრში შეგიძლიათ, საქართველოს დროშაც დაინახოთ.

ფოტო: UWC Dilijan

ამჟამად UWC-ს აქვს 17 სკოლა და კოლეჯი 4 კონტინენტზე და ეროვნული კომისიები მსოფლიოს 159 ქვეყანაში. სასწავლო კურსის გავლა 16-19 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ. მოსწავლეებს შანსი ეძლევათ, ისწავლონ პრაქტიკაზე დაყრდნობით და მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა გარე აქტივობაში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთაც. ორწლიანი კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს IB დიპლომი გადაეცემათ, რომელიც მათ შანსს აძლევს, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გამოცდების ჩაბარების გარეშე გააგრძელონ სწავლა.

UWC-ს პროგრამაში საქართველოც აქტიურად მონაწილეობს. პირველი ქართველი სტუდენტი სასწავლებლად 2014 წელს გაემგზავრა. ჩვენი ქვეყნიდან წამსვლელი კანდიდატების რაოდენობა ყოველ წელს განსხვავებულია. ბოლო ექვსი წლის სტატისტიკაზე დაყრდნობით, საქართველოდან ყოველწლიურად ათამდე მოსწავლე მიემგზავრება ხოლმე.

დაფინანსება და კონკურსში მონაწილეობის მიღების წესები

UWC-ს პირველი სტუდენტების მიღება, 1962 წელი.

ფოტო: UWC

თუ ფიქრობთ, რომ UWC-ს კოლეჯებში სწავლა ძალიან ძვირი სიამოვნებაა, უდავოდ მართლები ხართ, მაგრამ საგანგაშო არაფერია. მათი ხედვის თანახმად, განათლების საზღაური თანხევდრაში უნდა იყოს სტუდენტის სოციალურ-ეკონომიკურ შესაძლებლობებთან. შესაბამისად, გასაუბრების შემდეგ მონაწილეები 70%-იანი ან სრული დაფინანსებით საჩუქრდებიან მათი საჭიროებიდან გამომდინარე.

შესარჩევი ეტაპი სამი ნაწილისაგან შედგება. მონაწილეობის მისაღებად, პირველ რიგში, UWC-ის ოფიციალურ ქართულ გვერდს უნდა ეწვიოთ და მოზრდილი სააპლიკაციო ფორმა შეავსოთ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ გაგზავნილი მონაცემები კომისიას დააკმაყოფილებს, რამდენიმეწუთიან ონლაინ გასაუბრებას დაგინიშნავენ. მესამე ანუ საფინალო ეტაპისათვის კი კომისია შერჩეულ მონაწილეებს გასაუბრებაზე ერთობლივად მიიწვევენ და პირადად გაეცნობიან. გასაუბრების შედეგად გამოვლენილ საუკეთესო აპლიკანტებს ორწლიანი პროგრამით ასაჩუქრებენ და შანსს აძლევენ, UWC-ის 17 კოლეჯიდან ერთ-ერთში გააგრძელონ სწავლა.

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა — FLEX

FLEX ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ 1992 წელს შეიქმნა. პროგრამა 14-16 წლის სკოლის მოსწავლეებისთვის არის გათვლილი და ახალგაზრდებისათვის გლობალურ დონეზე მრავალმხრივი შესაძლებლობების გაჩენას ისახავს მიზნად.

FLEX ყოფილი საბჭოთა კავშირის 17 ქვეყნისათვის განკუთვნილი პროგრამაა, რომელსაც საქართველო დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ შეუერთდა. პროგრამის მისია ეფუძნება იმის რწმენას, რომ აშშ-სა და ყოფილი საბჭთა კავშირის ქვეყნებს შორის ურთიერთგაგება უფრო გაღრმავებული უნდა იყოს, რაც ახალგაზრდებს შანსს მისცემს, ადაპტირდნენ ამერიკული ცხოვრების სტილთან, გაეცნონ იქაურ საზოგადოებრივ ჩართულობას და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში.

პროგრამა FLEX-ის მონაწილეები საქართველოდან.

ფოტო: American Councils

შესარჩევი ეტაპის წარმატების გავლის შემთხვევაში, FLEX პროგრამის მოსწავლეები ამერიკის რომელიმე შტატში საცხოვრებლად ერთი წლით გაემგზავრებიან და იქაური მასპინძელი ოჯახის ახალი წევრები ხდებიან. მასპინძელ ოჯახში ერთი წლით ცხოვრება ბევრ საინტერესო და ოდნავ უჩვეულო თავგადასავალთანაა დაკავშირებული, რადგან FLEX პროგრამის მონაწილე დროებით ამერიკელ ინდივიდად ტრანსფორმირდება, სწავლობს იქაურ სკოლაში, იჩენს იქაურ მეგობრებს, მასპინძელ ოჯახთან ერთად აღნიშნავს ისეთ ამერიკულ დღესასწაულებს, როგორებიცაა მადლიერების დღე თუ ჰელოუინი, ემზადება სკოლის გამოსაშვები ამერიკული საღამოსათვის და, ზოგადად, ამერიკული ცხოვრების სტილს უწყობს ფეხს.

თავის მხირვ, FLEX-ის მონაწილეები ახალგაზრდა ელჩების როლს ირგებენ და მასპინძლებს თავიანთ კულტურას აცნობენ. ქართველი ფლექსელები ამერიკის სკოლებში საქართველოზე ამზადებენ პრეზენტაციებს, ქართულ კულტურას ათობით ათასი კილომეტრის იქით ავრცელებენ და ამერიკელებს ორი ჯორჯიას არსებობის შესახებ აკვირვებენ. ისინი სხვადასხვა კულტურულ საღამოზე მასპინძელ ოჯახებს ტრადიციული კერძებით ანებივრებენ, უყვებიან მონაკვეთებს ქვეყნის ისტორიიდან, ერთად ხუმრობენ, საოჯახო საქმეებს ინაწილებენ და შედეგად FLEX-ის მონაწილე პროგრამის ერთ წელს უჩვეულოდ საინტერესოდ და მრავალფეროვნად ატარებენ.

დაფინანსება და კონკურსში მონაწილეობის მიღების წესები

ქართველი ფლექსელები თეთრი სახლის წინ.

ფოტო: მარიამ გაბისიანი

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ამერიკაში გამგზავრება და იქ ცხოვრება ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. არც ვიზის აღებაა მარტივი და ეს პროცესი ზოგჯერ წლობით იწელება ხოლმე. მაგრამ არ იფიქროთ, რომ მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა მხოლოდ ფუფუნებაში გაზრდილ ახალგაზრდებზეა გათვლილი, რადგან იგი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და კულტურის საქმეთა ბიუროს მიერ ერთობლივად დაფინანსებული პროექტია. შესაბამისად, გამარჯვების შემთხვევაში ამერიკაში გამგზავრება სრულიად უფასოა და ვიზის აღებაც არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს.

UWC-ს მსგავსად, FLEX პროგრამისთვის მონაწილეების შერჩევა სამეტაპიანია. პირველ ეტაპი ტესტირებაა, სადაც მონაწილეებმა 15 წუთის განმავლობაში 16 შეკითხვას უნდა გასცენ პასუხი. ტესტირების განრიგი აგვისტოს ბოლო რიცხვებიდან ხდება ცნობილი და ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკული საბჭოების ოფიციალურ ქართულ გვერდზე თავსდება.

იმ შემთხვევაში, თუ პირველ ეტაპს წარმატებით გადალახავთ, მეორე ეტაპზე სამი ესეს დაწერა მოგიწევთ. მესამე, უკანასკნელი ეტაპი კი რამედნიმე ნაწილისაგან შედგება, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახის ტესტებს, აპლიკაციის შევსებას, მოსასმენ სავარჯიშოებსა და გასაუბრებას. ფინალური ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ კი რამდენიმე თვეში გამცნობენ, რომ თქვენ მალე ამერიკაში გაემგზავრებით.

გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის — ERASMUS +

ფოტო: Adrian Dascal / Unsplash

სკოლის მოსწავლეებთან ერთად გაცვლითი პროგრამებით ქართველი სტუდენტებიც აქტიურად სარგებლობენ. ERASMUS + ევროკავშირის საგრანტო პროგრამაა, რომელიც 2014-2020 წლებში განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებებში მრავალფეროვან პროექტებს ახორციელებს. ERASMUS +, რომელიც რენესანსელი ჰუმანისტის, ერაზმუს როტერდამელის სახელიდან მომდინარეობს, ახალგაზრდების ევროპის ქვეყნის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებას სთავაზობს, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავების მშვენიერი შანსია.

დღეს ERASMUS + საქართველოს ათობით უნივერსიტეტთან პარტნიორობს და სტუდენტებს ყოველ სემესტრში ახალ-ახალ პროგრამებს წარუდგენს. შესარჩევი ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტები ევროპაში ერთი ან რამდენიმე სემესტრით მიემგზავრებიან.

დაფინანსება და მონაწილეობის მიღების წესები

უკვე განხილული გაცვლითი პროგრამების მსგავსად, ERASMUS +-ში მონაწილეობაც უფასოა. პროგრამა სრულიად ფარავს სწავლის გადასახადს, სტუდენტს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს და ყოველთვიური სტიპენდიითაც ასაჩუქრებს.

მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა თავიანთ უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეებს თვალი აქტიურად უნდა ადევნონ. ERASMUS+-ის საგრანტო პროგრამა მიღებას წელიწადში ორჯერ აცხადებს და მონაწილეობის წესები სხვადასხვა მასპინძელი ევროპის ქვეყნისათვის განსხვავებულია. ყოველი სტუდენტისათვის მთავარ კრიტერიუმს ინგლისური ენის კარგად ფლობა, მაღალი აკადემიური მოსწრება, ლექტორის სარეკომენდაციო წერილი და გასაუბრება წარმოადგენს.

თუ პროგრამამ დაგაინტერესათ, მონაწილეობის მიღების კრიტერიუმებისა და კონკურსის ვადების ინდივიდუალურობის გამო, ERASMUS +-ის შესახებ კონკრეტული დეტალები დანამდვილებით მხოლოდ თქვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ეცოდინება.

რა უნდა ქნათ, თუ უარყოფითი პასუხი მოგივათ?

ფოტო: Debby Hudson / Unsplash

უარყოფითი პასუხი, თავისთავად, სტრესთანაა დაკავშირებული, რადგან თითოეული პროგრამის ფინალურ ეტაპამდე მისაღწევად მრავალი პროცედურის გავლაა საჭირო, რაც ფიზიკურადაც დამღლელია და — ფსიქოლოგიურადაც. სწორედ ამიტომ უარყოფითი პასუხისგან გამოწვეული იმედგაცრუება დიდ სევდას ტოვებს ხოლმე, თუმცა ეს ფარ-ხმლის დაყრის მიზეზი ნამდვილად არაა. გახსოვდეთ, რომ გაცვლითი პროგრამების მრავალფეროვნება შანსს გაძლევთ, თქვენი ძალები ყოველ წელს მოსინჯოთ და წინა წლებში მიღებული გამოცდილება თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.