ბოინგ 747-436-მა საჰაერო მარშრუტი ქარიშხალ კიარას დახმარებით რეკორდულ დროში დაფარა. თვითმფრინავმა 1 327 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეძლო. მან ფრენას ჯამში ოთხი საათი და 56 წუთი მოანდომა და ლონდონის ჰითროუს აეროპორტში დაგეგმილ დროზე 80 წუთით ადრე დაეშვა.

პილოტმა ელისტერ როზენშაინმა განაცხადა, რომ თვითმფრინავმა "ფენომენალურ სიჩქარეს მიაღწია".

ატმოსფეროში ხშირად წარმოიქმნება ჰაერის ნაკადები, რომლებიც გარკვეული მიმართულებით აჩქარებულად მოძრაობენ. დედამიწაზე ასეთი ნაკადი ძირითადად დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ უბერავს ხოლმე.

ბოინგ 747-436-ის პოლიტმა თვითმფრინავი ერთ-ერთ ასეთ ნაკადში მოაქცია, რამაც თვითმფრინავს დამატებითი სიჩქარე შესძინა.

პილოტის თქმით, "თვითმფრინავის ჰაერის ნაკადში აღმოჩენამ შეიძლება ტურბულენტობა გამოიწვიოს, მაგრამ ხშირად, პირიქით ხდება".

ჰაერის ნაკადის სიჩქარე კვირა დილას საათში 418 კილომეტრს აღწევდა. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ჯამში თვითმფრინავი ბგერის სიჩქარეზე სწრაფად გადაადგილდებოდა, მას ზებგერითი სიჩქარის ზღვარი არ გადაუკვეთავს, რადგან თვითმფრინავს ძალიან სწრაფად მოძრავი ჰაერის მასა "ეხმარებოდა" და ამ მასასთან მიმართებაში ხომალდის სიჩქარე ბგერისას არ აღემატებოდა.

ტრანსატლანტიკური მონაკვეთი ყველაზე სწრაფად 1996 წელს ზებგერითმა სამგზავრო თვითმფრინავმა კონკორდმა სულ რაღაც 2 საათსა და 52 წუთში გაიარა. ბგერამდელი თვითმფრინავის შემთხვევაში კი რეკორდის მფლობელი ზემოაღნიშნული ბოინგ 747-436 გახდა.